ახალი ამბები

ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკაში გადაიყვანეს – სამინისტრო

12 სექტემბერი, 2018 • 2041
ვანო მერაბიშვილი დღეს კლინიკაში გადაიყვანეს – სამინისტრო

ყოფილი პრემიერ – მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, 12 სექტემბერს სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მერაბიშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და სამედიცინო დაწესებულებაში მან მხოლოდ გეგმური შემოწმებები გაიარა.

უწყების ინფორმაციით, ყოფილმა პრემიერმა კლინიკაში დაახლოებით ორი საათი გაატარა. “ვანო მერაბიშვილს გარკვეული მკურნალობა დაენიშნა და ის ამ კურსს ციხის პირობებში გადის. დღეს ვანო მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობის მიმდინარეობის შეფასების მიზნით გადაიყვანეს. სამედიციო დაწესებულება მასთან შეთანხმებით შეირჩა. კლინიკაში გეგმური შემოწმება ჩაუტარდა და ახლა ის ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება,” – აცხადებენ სამინისტროში.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ყოფილი პრემიერი რამდენიმე თვეა რაც მკურნალობს. ადვოკატი უკმაყოფილოა მკურნალობის შედეგებით და ამბობს, რომ სამინისტროსგან მერაბიშვილის დიაგნოზზე ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

“ორ თვეზე მეტია მკურნალობა მიმდინარეობს და ამ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო მისი ხელახლა გამოკვლევა, რაზეც დაგვთანხმდნენ. მოხდა მისი კლინიკაში გადაყვანა. ჩვენ მივწერეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რომ დროულად გვაცნობონ, წინა შემთხვევებში როცა მოხდა მისი გამოკვლევის მიზნით სამედიცინო დაწესებულებაში გაყვანა, რა დიაგნოზი დაუსვეს ექიმებმა. ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ვიმედოვნებთ, უახლოეს დღეებში ისინი ამ ინფორმაციას მოგვაწვდიან. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ვთქვი, ვანო მერაბიშვილი კვლავ ცუდად არის და ამ ორთვიან მკურნალობას არანაირი შედეგი არ ჰქონია. დღევანდელი გაყვანის მიზანი იყო ზუსტი დიაგნოზი დაესვათ, რათა მოხდეს მისი მკურნალობა,” – განუცხადა ჩივიაშვილმა “რუსთავი 2” – ს.

ვანო მერაბიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 15 აგვისტოსაც იმყოფებოდა. მაშინ სამინისტროში “ნეტაზეთს” უთხრეს, რომ ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ვანო მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში გაევლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი