ახალი ამბები

პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დიდგორობის უქმედ გამოცხადებას

12 სექტემბერი, 2018 • 3494
პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა დიდგორობის უქმედ გამოცხადებას

პარლამენტის განათლების კომიტეტმა 12 სექტემბერს მხარი დაუჭირა დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების კანონპროექტის პლენარულ სესიაზე გატანას.

კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძეა, “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ს თავმჯდომარე, ინიციატორი კი, ემზარ კვიციანი “პატრიოტთა ალიანსიდან”.

როგორც პარლამენტის ვებსაიტზე ვკითხულობთ,  ცვლილება უნდა შევიდეს შრომის კოდექსში და უქმე დღედ გამოცხადდეს 12 აგვისტო, როდესაც საქართველოში დიდგორობას აღნიშნავენ.

პარლამენტში ადრეც განუხილავთ მსგავსი შინაარსის ინიციატივა, რომელიც პარლამენტარ ნუკრი ქანთარიას ეკუთვნოდა. 2017 წლის მარტში პარლამენტმა პლენარულ სესიაზეც დაუჭირა მხარი 12 აგვისტოს “დიდი გამარჯვების დღის” უქმე დღედ გამოცხადებას.

თუმცა ამის შემდეგ კანონპროექტის მსვლელობა შეჩერდა, რაც პროექტის ინიციატორმა, ნუკრი ქანთარიამ იმ მიზეზით ახსნა, რომ თურქეთის საელჩომ “მეგობრულად თხოვა” ამ ინიციატივაზე უარის თქმა, რადგან “ამ გადაწყვეტლებამ შეიძლება გარკვეული [უსიამოვნება] შეიტანოს ურთიერთობებში”.

“რა თქმა უნდა, საელჩოს ჩვენს საშინაო საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს და კანონს ვერცერთი ქვეყანა გაგვიჩერებს, ეს ჩვენი საქმეა”,- განაცხადა მაშინ ქანთარიამ.

“კანონპროექტის მიღების მიზეზი”

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს თან ახლავს, მისი მიღების მიზეზად წერია: “კანონპროექტის მიღების მიზეზია 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის დაფასება და ამ საამაყო დღისთვის განსაკუთრებული დატვირთვის მინიჭება. დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ველზე მოპოვებული უმნიშვნელოვანესი გამარჯვება არის ძლიერი ქართული სახელმწიფოს სიმბოლო და ეროვნული გამარჯვების დღე. დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადება მნიშვნელოვანია საზოგადოეობაში სახელმწიფოებრივი და ეროვნული თვითშეგნების ამაღლების კუთხით”.

პარლამენტის პლენარულ სხდომებზე კანონპროექტის განხილვის სავარაუდო საბოლოო თარიღად 5 ოქტომბერია მითითებული.

კანონპროექტის ავტორი ზვიად ტომარაძე 2016 წლის არჩევნების წინ ქორწინების შესახებ რეფერენდუმს ლობირებდა, მანამდე კი ჰქონდა ინიციატივა, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოეღოთ სიტყვები “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერი”, და სურდა დასჯადი ყოფილიყო “რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა”.

ოფიციალური უქმე დღეები საქართველოში

  • 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;
  • 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;
  • 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;
  • 3 მარტი – დედის დღე;
  • 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;
  • 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;
  • სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);
  • 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
  • 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე;
  • 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);
  • 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;
  • 23 ნოემბერი – გიორგობის დღე;

მასალების გადაბეჭდვის წესი