ახალი ამბები

სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, ოქუაშვილი–ყიფიანი საუბრობენ, გამოძიება დაიწყო

12 სექტემბერი, 2018 • 1911
სატელეფონო ჩანაწერზე, სადაც, სავარაუდოდ, ოქუაშვილი–ყიფიანი საუბრობენ, გამოძიება დაიწყო

პროკურატურმა მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ, გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

“გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ  ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შედგა და სადაც საუბარია ორი მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების რესტრუქტურიზებაზე”,  – აცხადებენ პროკურატურაში.

9 სექტემბერს “რუსთავი 2”-მა სატელეფონო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. გასაჯაროებულ  საუბარში ტელეკომპანია “იბერიაც” არის ნახსენები. ერთ-ერთი პირი, რომელიც, “რუსთავი 2-ის” ცნობით, სავარაუდოდ, ყოფილი მინისტრია, ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2-ზე” უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პროლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

“იბერიამ”  7 სექტემბერს განაცხადა მათი დამფუძნებლებისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის შესახებ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “ომეგა ჯგუფი”, რომლის შემადგენლობაშიც “იბერია” შედის, პარალიზებულია. თუმცა ტელეარხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ვახო ხუზმიაშვილს არ უთქვამს, კონკრეტულად რა სახით ეზღუდება მუშაობა “ომეგა ჯგუფს”.

“ომეგა ჯგუფი” ხელისუფლებას ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალის რესტრუქტურიზებასა და შეღავათებს სთხოვს. კომპანიისვე თქმით, ხელისუფლება მათ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ ტელეკომპანია “იბერია”  ხელისუფლების მიმართ კრტიკულია. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, ეს პრობლემები იმ შემთხვებაში მოგვარდებოდა, თუ ტელევიზიას დათმობდნენ.

დღეს, 12 აგვისტოს პრემიერმა განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფს” სახელმწიფოს მიმართ დავალიანება აქვს და რა ტიპის კომერციულ საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კომპანია, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს. მამუკა ბახტაძე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურმა დასაფარი თანხის გამო “ომეგა ჯგუფს” სანქციები 11-ჯერ გადაუვადა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მიმართ კომპანიის დავალიანება 51 მილიონ ლარს აღწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი