ერდოღანმა საკუთარი თავი თურქეთის სიმდიდრის ფონდის მმართველად დანიშნა, სიძე – მოადგილედ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი თავი ქვეყნის სიმდიდრის ფონდის მმართველად დანიშნა. ამავე ბრძანების მიხედვით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, პრეზიდენტის სიძე და ამავე დროს ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი ერდოღანის მოადგილე იქნება.

ორგანიზაციის ყოფილი მმართველი ერდოღანმა თანამდებობიდან გასული წლის სექტემბერში გაათავისუფლა.

Reuters-ის ცნობით, ერდოღანმა ფონდის სამეურვეო საბჭოც სრულად შეცვალა. საბჭოს შვიდ ახალ წევრს შორის, პრეზიდენტის სიძის გარდა, ზაფერ სონმეზია, რომელიც ამ დრომდე მალაიზიაში იყო მივლენილი. ის ფონდის გენერალური მენეჯერი გახდება.

თურქეთის სიმდიდრის ფონდი 50-მილიარდიანი ორგანიზაიცაა, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული აქტივების გასაძლიერებლად და ინვესტიციების მოსაზიდად 2016 წელს მთავრობის მიერ დაფუძნდა. ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავს ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა “თურქეთის ავიახაზები”, “თურქ ტელეკომი”, “ზირაათ ბანკი” და ა.შ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის ზემოაღნიშნული ნაბიჯი ერთ-ერთია იმ გადაწყვეტილებებს შორის, რომლებიც მან თურქეთის საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლის გამო ძალაუფლების უპრეცენდენტოდ გაზრდის შემდეგ მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან