ახალი ამბები

ახალი დეტალები მასწავლებლების ანგარიშებიდან თანხის უნებართვოდ გადარიცხვებზე

12 სექტემბერი, 2018 • 5005
ახალი დეტალები მასწავლებლების ანგარიშებიდან თანხის უნებართვოდ გადარიცხვებზე

“ნეტგაზეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ ზაფხულს მთელ საქართველოში, სულ ცოტა, 15-მდე მასწავლებელს დაუკითხავად ჩამოეჭრა თანხა საბანკო ანგარიშებიდან — ისინი ამბობენ, რომ გაქურდეს.

როგორც ნეტგაზეთმა გამოარკვია, პოლიცია ასეთ საქმეებს სათითაოდ იძიებს, თუკი დაზარალებულები მიმართავენ. გამოძიება იწყება ძირითადად ორი – ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის – მუხლით.

“ნეტგაზეთმა” ჯერ აგვისტოში, შემდეგ კი წინა კვირას მოამზადა სტატიები რამდენიმე მსგავს შემთხვევაზე. ამის შემდეგ, როგორც ჩვენს საიტზე, ისე ფეისბუკის კომენტარებში, სხვებმაც დაწერეს, რომ მსგავსი რამ მათაც გადახდენიათ თავს. ჩვენ რამდენიმე მათგანს გამოვკითხეთ თავიანთი საქმეების დეტალები. შევეცადეთ, გაგვერკვია, ხომ არ აქვს ამ საქმეებს რაიმე საერთო.

იმის გამო, რომ ერთი საერთო გამოძიება არ მიმდინარეობს, ჯერჯერობით “ნეტგაზეთისთვის” გაურკვეველია, საქმე გვაქვს სხვადასხვა ცალკეულ პირთან, რომლებიც ერთმანეთის მსგავსი დანაშაულებრივი სქემებით მოქმედებენ, თუ ერთ ან რამდენიმე ჯგუფთან.

საქმეებს ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს: იმ შემთხვევათა უმრავლესობა, რაც ნეტგაზეთისთვისაა ცნობილი, 2018 წლის შუა ზაფხულში მოხდა, მოქმედების სქემა კი მსგავსი იყო: ანგარიშებიდან მომხმარებლებს ზედიზედ რამდენჯერმე ეჭრებოდათ ერთი და იმავე რაოდენობის თანხა, სანამ ანგარიშზე შესაბამისი ნაშთი არ ამოიწურებოდა. თანხები მეტწილად ტოტალიზატორის ანგარიშებზე ირიცხებოდა;

ჩვენი რესპონდენტები მასწავლებელი არიან, რომელთა უმრავლესობასაც ანგარიშები ლიბერთი ბანკში ჰქონდათ გახსნილი. მოპარული თანხების რაოდენობა განსხვავებულია, — იწყება დაახლოებით 50 ლარიდან და 2700 ლარამდეც ადის.

მას შემდეგ, რაც თანხა მოპარეს, მასწავლებელთა ნაწილმა დახმარების თხოვნით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელს, დავით ფერაძეს. როგორც ფერაძემ გვითხრა, მას, საერთო ჯამში, დაახლოებით 80 ადამიანი გამოეხმაურა, რომლებმაც მსგავსი ისტორიები უამბეს. მისი დაკვირვებითაც ეს შემთხვევები 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ხდებოდა; დაზარალებულების უმრავლესობას ანგარიში ლიბერთი ბანკში ჰქონდა, ზოგს — “თიბისი ბანკში”, უფრო ნაკლებს კი — “საქართველოს ბანკში”.

ფერაძე პასუხისმგებლობას ბანკებს აკისრებს და ამბობს, რომ თუკი ამ ბანკებს არაფერი საერთო ჰქონიათ თანხის “გაქრობასთან”, ისინი პასუხისმგებლობას მაინც იზიარებენ იმის გამო, რომ “შესაფერისად არ დაიცვეს მომხმარებელთა ანგარიშები”.

“თურმე გავხდი დიდი თაღლითური სქემის მსხვერპლი”

ქეთევან ზურაბაშვილი რუსთავის ერთ-ერთ სკოლაშია მასწავლებელი, სახელფასო ანგარიში, სხვა ბევრი მასწავლებლის მსგავსად, “ლიბერთი ბანკში” აქვს.

30 მაისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ზედიზედ რამდენიმე სმს შეტყობინება მოუვიდა: ჯერ ეწერა, 20 ლარი ჩამოგეჭრათო, შემდეგ კი ოთხჯერ — 100-100 ლარი. ჯამში. მას 420 ლარი მოუხსნეს ანგარიშიდან.

“იყო მცდელობა კიდევ თანხის მოხსნისა, მაგრამ ანგარიშზე აღარ იყო საკმარისი თანხა დარჩენილი”, – უამბო ნეტგაზეთს ზურაბაშვილმა.

მან მაშინვე დარეკა ბანკის ცხელ ხაზზე და ბარათი დააბლოკინა. ოპერატორმა უთხრა, რომ თანხა ტოტალიზატორი “ლიდერბეთის” ანგარიშზე იყო გადარიცხული და ურჩია, პოლიციისათვის მიემართა.

ზურაბაშვილმა ჯერ 112-ზე დარეკა, გამოძახებულ საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მაშინვე მისცა ჩვენებები, ერთი თვისთავზე კი კიბერუსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს, სადაც იგივე ჩვენება მისცა.

როგორც გვიამბობს, ზურაბაშვილს იქ უთხრეს, რომ “დიდი თაღლითური სქემის მსხვერპლი” გახდა, რომელიც “საკმაოდ დიდ თანხებს პარავდა [ლიბერთი] ბანკის მომხმარებლებს, ძირითადად მასწავლებლებს”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს-ს ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“წლებიც რომ გავიდეს, ძალიან მინდა, რომ ვინც ეს ჩაიდანა, პასუხი აგოს”

26 წლის მარიანა ართმელაძე ბობოყვათიდან უკვე მესამე წელია ქობულეთში ინგლისურს ასწავლის. სახელფასო ანგარიში ლიბერთი ბანკში აქვს. 18 ივლისს, 00:52 საათზე 7 სმს მოუვიდა, სადაც ატყობინებდნენ, რომ ჯერ 50, შემდეგ კი 100-100 ლარი 6-ჯერ ჩამოეჭრა ანგარიშიდან. ასე დაკარგა მან 650 ლარი — თანხა, რომლითაც მთელი ზაფხული ჰქონდა დაგეგმილი.

“როცა მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მობილურ ბანკში შევედი, სადაც 49 ლარიღა იყო დარჩენილი. საბედნიეროდ, მოვასწარი ამ 45 ლარის სხვა ანგარიშზე გადატანა. ამის შემდეგ კიდევ სცადეს თანხის გამოტანა, მაგრამ ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთი აღმოჩნდა”. გადარიცხვის ისტორიაში ეწერა, რომ თანხა “ლიდერბეთზე” იყო გადარიცხული.

შსს-ში ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ საქმე აღძრულია 2 მუხლით — ქურდობა (სსკ-ის 177-ე) და კომპიუტერულ ინფორმაციასთან არამართლზომიერი შეღწევა (სსკ-ოს 284-ე). თუმცა საქმე ჯერჯერობით არ გახსნილა. “წლებიც რომ გავიდეს, ძალიან მინდა, რომ ვინც ეს ჩაიდანა, პასუხი აგოს”, – ამბობს მარიანა.

“იქნებ სადმე დაგრჩათ ბარათი”

თეა კაჭკაჭაშვილი ახალციხის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგია, სახელფასო ანგარიში მასაც ლიბერთი ბანკში აქვს გახსნილი; 23 ივლისს 250 ლარი ჩამოაჭრეს — ჯერ 50, შემდეგ კი, 100-100 ლარი.

“ბანკში ჩვეული შაბლონური სიტყვებით გამომისტუმრეს, როგორც ყველა. “ქალბატონო, იქნებ სადმე დაგრჩათ ბარათი და თქვენი მონაცემები მოიპოვეს? ან კიდევ ვინმე ახლობელს ან თანამშრომელს ურევია ხელი”, – გვიამბობს კაჭკაჭიშვილი. თუმცა ის ასეთ სცენარს გამორიცხავს.

“ბანკი უსაფრთხო მეგონა, არადა საწოლის ქვეშ შენახვა უფრო უსაფრთხო ყოფილა”

ივლისში თანხა მოპარეს ხაშურელ მასწავლებელს, სიმონ შუბითიძეს, მის თანამშრომელს, ლელა მეტრეველსა და მეტრეველის მეუღლეს. სიმონ შუბითიძეს 710 ლარი ჰქონდა ლიბერთი ბანკის ანგარიშზე. 18 ივლისს, შუაღამისას, მას მიყოლებით მიუვიდა შეტყობინებები მობილურზე, სადაც ატყობინებდნენ, რომ ანგარიშიდან რამდენჯერმე ჩამოეჭრა 101 ლარი. დანარჩენ ორ დაზარალებულსაც ლიბერთი ბანკში ჰქონდა ანგარიში.

შეტყობინება, რომელიც ლელა მეტრეველს მოუვიდა ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შესახებ

აგვისტოში, როდესაც ნეტგაზეთმა მეტრეველის შემთხვევაზე სტატია მოამზადა, ლიბერთი ბანკში გვითხრეს, რომ მოკვლევა დაიწყეს. ნეტგაზეთმა ბანკის პრესსამსახურთან დაკავშირება ახლაც სცადა, თუმცა ბანკში გვითხრეს, რომ პრესსამსახურის უფროსი შვებულებაშია და მის ნაცვლად ჩვენს კითხვებს სხვა ვერავინ უპასუხებს. “ლიბერთის” პასუხს, ისევე, როგორც სხვა ბანკების შემთხვევაში, ნეტგაზეთი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

“საერთო გამოძიება მოვითხოვოთ”

ნარგიზ კახაძე ბათუმში ცხოვრობს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია და ისიც “ლიბერთი ბანკის” მომხმარებელი. საკრედიტო ბარათიდან 2 000 ლარი მოუხსნეს. როგორც გვიამბოს, თანხა 8 წუთის განმავლობაში, 100 და 200 ლარის ოდენობით, ჩამოეჭრა. თანხა მისი ანგარიშიდანაც ლიდერბეთის მომხმარებლის ანგარიშზე გადაირიცხა.

“ბანკის წარმომადგენელი მამშვიდებს, IP მისამართებია გადაცემული და, პოლიცია თუ თავს გაართმევს, დამნაშავეს იპოვიანო. ველოდები”, — მოგვწერა კახაძემ. ჩვენი სტატიის კომენტარებში კი საჯაროდ გამოთქვა სურვილი, მასწავლებლები როგორმე გავვერთიანდეთ და საერთო გამოძიება მოვითხოვოთო.

“არ დავტოვებდი ფულს ანგარიშზე”

კარინე ზადოიანიც რუსთავში ცხოვრობს. ლიბერთი ბანკის ანგარიშზე 500 ლარი ჰქონდა.

15 ივლისს, დილის 8 საათისთვის, ზედიზედ 4-ჯერ გადაირიცხა მისი ანგარიშიდან 101.5 ლარი. გამოძიება, მისი ცნობით, დაწყებულია.

“მაგრამ ჯერ არაფერი არ არის გაკეთებული. მივმართე ბანკს; როცა პასუხისმგებელი ვერ ვიპოვე, მივმართე პრეტენზიით სათავო ოფისში, რომ არა აქვთ დაცვის მექანიზმი ასეთ შემთხვევაში”.

ამონაწერი კარინე ზადოიანის საბანკო ანგარიშიდან, სადაც ჩანს, რომ 15 ივლისს მისი ანგარიშიდან მიყოლებით იჭრება 101.5 ლარი 4-ჯერ

ზადოიანის დაკვირვებითაც, მსგავსი შემთხვევები თვეებია ხდება და უკვირს, რატომ არ გააფრთხილა ბანკმა მომხმარებლები. ასეთი საფრთხის არსებობა რომ მცოდნოდა, თანხას ანგარიშზე არ დავტოვებდიო, გვითხრა მან.

“ვერაფერი გაირკვა”

თამუნა ტუღუში საბავშვო ბაღის აღმზრდელია ლანჩხუთში. 30 ივლისს ლიბერთი ბანკის ანგარიშიდან მოუხსნეს 101.5 ლარი, შემდეგ კიდევ სამჯერ სცადეს, თუმცა ანგარიშზე არასაკმარისი თანხა იყო.

ტუღუშს პოლიციისთვის არ მიუმართავს, თუმცა გვიამბობს, რომ თავის მეგობარსაც ჩამოეჭრა 203 ლარი, მაგრამ “ვერაფერი გაირკვა” და მეც აღარ მივმართე პოლიციასო.

“საქმის გამოძიება შეუძლებელიაო”

მსგავსი სცენარით 2017 წელს თანხა დაკარგა კიდევ ერთმა რუსთაველმა პედაგოგმა, ნინო აბაშიძემ.

“შარშან “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ბარათიდან ღამის სამ საათზე შესრულდა ტრანზაქცია და სამი მესიჯით მოვიდა სხვადასხვა რაოდენობის თანხის ჩამოჭრაზე ინფორმაცია, სულ 150 ლარი. ბარათი თან მქონდა და ოჯახის ყველა წევრს ეძინა”.

დილით აბაშიძემ ბანკს მიაკითხა, სადაც, მისი თქმით, უთხრეს, რომ არ ჰქონდათ უფლება, რაიმე სახის ინფორმაცია მიეწოდებინათ და პოლიციასთან გადაამისამართეს.

“მივმართე პოლიციას, თუმცა იქ ისეთი პასუხი გამცეს, რომ აღარც მქონდა სურვილი კიდევ რამე გამერკვია, უბრალოდ ასეთი საქმის გამოძიება შეუძლებელიაო, და მეც შევეგუე ბედს”.

ბანკებისა და ტოტალიზატორის პასუხი

ნეტგაზეთი საკითხის გასარკვევად 10 სექტემბერს დაუკავშირდა როგორც “თიბისი ბანკს”, ასევე “საქართველოს ბანკსა” და ტოტალიზატორ “ლიდერბეთს”, — სადაც რამდენიმე მასწავლებლის ანგარიშიდან გადაირიცხა თანხა.

“ლიდერბეთის” პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მსგავს ფაქტებზე შესაბამისი ორგანოებიდან მათ მისდით შეტყობინებები: “ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, რათა გამოვლენილი და აღკვეთილი იქნას მსგავსი ფაქტები, თუმცა იმის დადასტურება, ამ ბარათების უკან ვინ დგას და რა პროფესიის არიან მათი მეპატრონეები, ჩვენთვის უცნობია”.

“ნეტგაზეთი” მიღებისთანავე შემოგთავაზებთ “თიბისისა” და “საქართველოს” ბანკების პასუხებს.

ნეტგაზეთმა ვერ მოახერხა დაკავშირებოდა “ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურს — ბანკის ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მათი კომუნიკაციების მენეჯერი შვებულებაშია, ჩვენს კითხვებს კი სხვა ვერავინ უპასუხებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი