ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი იარაღს სომხეთსაც მიაწვდის

12 სექტემბერი, 2018 • 1975
აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი იარაღს სომხეთსაც მიაწვდის

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, დავით ტონოიანის ცნობით, ერევანსა და მოსკოვს შორის ახალი სამხედრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც ითვალისინებს 100 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კრედიტს.

“ახალი საკრედიტო შეთანხმების გაფორმება პროცესშია. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზეა საუბარი. შესაბამისი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი”, – განუცხადა ტონოანმა ჟურნალისტებს.

ახალი, მესამე კრედიტის მისაღებად სომხეთმა რუსეთს აგვისტოში მიმართა. აქამდე სომხეთს სამხედრო შეიარაღება რუსეთისგან 200 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის ფარგლებში აქვს მიღებული.

სომხეთის პარალელურად, რუსეთი სამხედრო შეიარაღებას აზერბაიჯანსაც აწვდის. აზერბაიჯანმა რუსეთისგან ბოლო წლების განმავლობაში შეისყიდა 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დანიშნულების პროდუქცია.


რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რამდენადაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა. ამ მხრივ მოსკოვით უკმაყოფილების ტალღა განსაკუთრებით მწვავედ აგორდა სომხეთში 2016 წლის აპრილში, მთიან ყარაბაღში არსებული ვითარების ესკალაციის შემდეგ.

დმიტრი როგოზინმა, რომელიც ВПК [სამხედრო წარმოების კომისია]-ზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება. დმიტრი მედვედევმა კი განმარტა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის იარაღის ერთდროულად მიწოდების მიზანი მათ შორის ბალანსის შენარჩუნებაა და  რუსეთს რომ არ მიეყიდა იარაღი აზერბაიჯანისთვის, ის მესამე ქვეყნებში მაინც იყიდდა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი