ახალი ამბები

სამხრეთკორეელ სტუდენტებს ჯარის ასაცილებლად წონის განგებ მომატებაში ადანაშაულებენ

12 სექტემბერი, 2018 • 3491
სამხრეთკორეელ სტუდენტებს ჯარის ასაცილებლად წონის განგებ მომატებაში ადანაშაულებენ

სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები 12 სტუდენტს სამხედრო სავალდებულო სამსახურის თავიდან ასაცილებლად წონის განგებ მომატებაში ადანაშაულებენ.

CNN-ის ცნობით, ქვეყნის სამხედრო ადმინისტრაციამ ერთ-ერთ ჩატში სტუდენტების მიმოწერა შეისწავლა, რომლის მიხედვითაც სტუდენტები მსჯელობდნენ, როგორ შეიძლებოდა წონის სწრაფად მომატება. უწყების ცნობით, ამისათვის ნაწილი პროტეინებს იღებდა, რამდენიმე მათგანი კი გაწვევის წინა გამოცდის დღეს დიდი რაოდენობით ალოეს წვენს სვამდა.

სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამხედრო უწყება მსგავსი “დანაშაულისგან” დაიცვან, “დამნაშავეები” კი გამოძიების ფარგლებში სამაგალითოდ დაისჯებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ისინი სასჯელს მოიხდიან, შემოწმებას ხელახლა გაივლიან და ჯარში მაინც წავლენ.

თორმეტივე სტუდენტი მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობს. ისინი შიშობდნენ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური მათ კარიერას დააზარალებდა და მიიჩნევდნენ, რომ უკეთესი ალტერნატივა სოციალური სამსახური იქნებოდა. ეს კატეგორია სამთავრობო, არასამხედრო სამსახურს გულისხმობს, რომელშიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯარში ვერგამოცხადებულ ადამიანებს იწვევენ.

CNN-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა 18-დან 35 წლამდე კაცებზე ვრცელდება. სამსახურის ვადა 21 თვეს შეადგენს, თუმცა 2020 წლიდან იგეგმება მისი 18 თვემდე შემცირება.

ზემოაღნიშნული სტუდენტების შემთხვევა ერთადერთი არ არის, როცა სამხრეთკორეელი ახალგაზრდები სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებას ცდილობენ. ყოფილა შემთხვევები, როცა ქვეყნის მკაცრი კანონისთვის თავის ასარიდებლად მოქალაქეები უამრავ ტატუს იკეთებდნენ ან თვითდაზიანებებსაც კი იყენებდნენ.

კრიტიკოსთა თქმით, ქვეყნის მკაცრი კანონმდებლობა ადამიანებს კარიერას უნგრევს და უფლებებს უზღუდავს მათ, ვინც რელიგიური შეხედულებების გამო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს. აღნიშნული ქმედება თავისუფლების აღკვეთით ისჯება. Amnesty International-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში სამხედრო სამსახურის აცილებისთვის უფრო მეტ ადამიანს აპატიმრებენ, ვიდრე მთელ მსოფლიოში ერთად.

ცვლილების მიხედვით, რომელიც ამ კუთხით უახლოეს თვეებში იგეგმება, ალტერნატიული სამოქალაქო საქმიანობის შეთავაზებას გულისხმობს მათთვის, ვინც სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარს პოლიტიკური ან რელიგიური ფაქტორის გამო ამბობს. გადაწყვეტილება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი