ახალი ამბები

ზურაბიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებს ერთამენთს ვერ შეადარებს

12 სექტემბერი, 2018 • 1930
ზურაბიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეებს ერთამენთს ვერ შეადარებს

“ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მოთხოვნებმა პოლიტიკური შინაარსი შეიძინა, რაც მისი აზრით, არასწორია. როგორც სალომე ზურაბიშვილმა “რეაქციის” ეთერში განაცხადა, ის მთავრობის გადადგომის მოთხოვნის საფუძველს ვერ ხედავს:

“მე მესმის სრულიად მამის მდგომარეობის, რომელსაც თვითონ აქვს ალბათ რაღაც რწმენა, არა ეჭვები, არამედ შინაგანი რწმენა, რომ რაღაცა სხვანაირად იყო. ამიტომ მას გააჩნია ის უსამართლობის განცდა. მაგრამ ეს უკვე არის სწორედ ის პოლიტიკური განაცხადები, რომელიც, მე მგონი, არ ჯდება ამ საქმეში. მე ამ საქმიდან ვერ დავინახე, რატომ უნდა გადაიზარდოს უშუალოდ პოლიტიკურში. მესმის, რომ მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში შეიძლება ბევრის ინტერესში იყოს, რომ ეს გადაიზარდოს პოლიტიკურ სიტუაციაში და რაღაცა არასტაბილურში. არა მგონია, რომ ეს ასე გადაიზრდება. იმედი მაქვს, რომ არ გადაიზრდება”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

გადაცემის წამყვანმა ზურაბიშვილს ჰკითხა,  ოპოზიციური პარტიის დეპუტატი რომ ყოფილიყო, იდგებოდა თუ არა ზაზა სარალიძის გვერდით აქციაზე, როგორც მოკლული სანდრო გირგვლიანის დედის გვერდით იდგა, რაზეც ზურაბიშვილმა გრიგოლიას უპასუხა, რომ ამ ორ საქმეს ერთმანეთს ვერ შეადარებს:

“ძალიან დიდი განსხვავება არის ირინა ენუქიძის სიტუაციას შორის. იქ უშუალოდ და პირდაპირ იყო რეჟიმი, იყო პოლიცია, იყვნენ ზონდერები, რომლებიც კლავდნენ ამ ახალგაზრდებს. აქ არანაირი პირდაპირი ჩარევა ხელისუფლების, რომ ვინმე მოეკლა […].

თანაგრძნობა არის ერთი რამ, რომელიც ყველას მოგვეთხოვება და აუცილებელი არის და პირველ რიგში, დედას როგორ შეიძლება, არ თანაუგრძნო. თანაგრძნობა არის ერთი და პოლიტიკური პოზიციის დაკავება, როცა არასწორი პოლიტიკური მოთხოვნებია, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ საფუძველი პოლიტიკური მოთხოვნებისა, რომ მთავრობა გადადგეს და ასე შემდეგ, არ არსებობს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი