აზერბაიჯანში ყველაზე მსხვილი პროსახელისუფლებო მედიაჰოლდინგი დახურეს

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი მედიაგამოცემების ეტაპობრივად დახურვის პარალელურად, აზერბაიჯანში დაიხურა პროსახელისუფლებო APA-ს მედიაჰოლდინგში შემავალი ყველა პორტალი. ეს იყო ყველაზე დიდი მედიაჰოლდინგი ქვეყანაში, რომელიც ათამდე საინფორმაციო, კულტურულ და გასართობ ვებ-გვერდს აერთიანებდა. ჰოლდინგში დაახლოებით 200 თანამშრომელი მუშაობდა.

ჰოლდინგის დირექტორმა, ვუსალე მახირგიზიმ განაცხადა: APA-ს საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობა ჩვენ შევაჩერეთ. გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ახლა საკითხის განხილვა მიმდინარეობს. შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ”. თუმცა დაპირებული ინფორმაცია საზოგადოებამ მაინც ვერ გაიგო.

“APA Holding-მა მთლიანად შეაჩერა მუშაობა”, – მოგვიანებით ვუსალე მახირგიზიმ მოკლედ და განმარტებებისა და მიზეზების დასახელების გარეშე ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

ვებ-გვერდებზე წვდომა ერთი საინტერესო მოვლენის შემდეგ შეიზღუდა. 2018 წლის 30 ივნისს APA-მ გაავრცელა ქვეყნის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გამოსვლა გარადაგის რაიონში, სადაც  მოქალაქეებისთვის ბინების გადაცემის ცერემონია გაიმართა. ეს ინფორმაცია სხვა ვებ-გვერდებმაც გაავრცელეს.

სააგენტოს რეპორტაჟში არაზუსტად იყო გადმოცემული ილჰამ ალიევის სიტყვები სომხურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების შესახებ. სინამდვილში ალიევს არ უთქვამს გავრცელებული ფრაზა “სომხეთს მუხლებზე დავაჩოქებთ”. პრეზიდენტის ადმინისტარციის რეაქციის შემდეგ აღნიშნული ინფორმაცია ვებ-გვერდიდან წაშალეს. ამისთვის რედაქციამ ბოდიშიც მოიხადა. ამ ფაქტიდან მალევე APA-ს ყველა ვებ-გვერდი დაიბლოკა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ APA ჰოლდინგს თავისებური ისტორია ჰქონდა. ის შეიქმნა ერთ-ერთი მინისტრ-ოლიგარქის, საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ქამალადინ ჰეიდაროვის მფარველობით. ჰეიდაროვი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ვებ-გვერდის პროსახელისუფლებო პოზიცია აზერბაიჯანში ყველასთვის ნათელი იყო, თუმცა, მეორე მხრივ, ჰოლდინგში შემავალი ვებ-გვერდები იმით განსხვავდებოდნენ, რომ არასოდეს მონაწილეობდნენ შავ პიარში, ოპოზიციონერთა მიმართ ცილისწამებაში და საერთოდ, ჰოლდინგი მეტ-ნაკლები წესიერებით გამოირჩეოდა. ამიტომაც ოპოზიციური აუდიტორიაც ასე თუ ისე ენდობოდა ვებ-გვერდების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჰოლდინგი იმითაც გამოირჩეოდა, რომ პერიოდულად აჰყავდა სამუშაოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული შეხედულებების მქონე ბლოგერები და კულტუროლოგები, რომელთაც სოლიდურ ჰონორარებს უხდიდა.

მაშ, რა გახდა სინამდვილეში ასეთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო რესურსის არსებობის შეწყვეტის მიზეზი?! ნუთუ, მხოლოდ ერთი ფრაზის დამახინჯება. ქვეყნის პრეზიდენტს ხომ იქამდეც არაერთხელ გამოუთქვამს უფრო უხეში ფრაზები სომხეთის მისამართით?

პოლიტოლოგი იდიგარ სადიგოვი მიიჩნევს, რომ ვებ-გვერდის დახურვა სულაც არ უკავშირდება პრეზიდენტის ფრაზის დამახინჯებას. მისი აზრით, საქმე ეხება ხელისუფლების შიგნით მიმდინარე დაპირისპირებს და იმას, რომ ბოლო დროს ხელისუფლება ირგვლივ მხოლოდ მტრებს ხედავს: “თამაშები, რომლებიც ხელისუფლების შიგნით მიმდინარეობს, პროსახელისუფლებო პლატფორმებსაც აღარ ინდობს”.

პარტია “ReAl”-ის წევრი, ნატიკ ჯაფაროვი ფიქრობს, რომ მედიაჰოლდინგის დახურვა ძალიან საინტერესო მოვლენაა, რადგანაც ის აჩვენებს, რომ მისი მფარველი ქამალადინ ჰეიდაროვი უკვე თამაშს გარეთაა: “კლანებს შორის ხელისუფლებისთვის ბრძოლა მწვავდება. ჭორები იმის შესახებ, რომ საგანგებო სიტუაციების მინისტრის ჩამოშორება უნდათ, დიდი ხანია არსებობს. ჰეიდაროვი ახლა წაგებულ მხარესაა. ვფიქრობ, ძალიან მალე უკვე მისი გადადგომის ამბავსაც შევიტყობთ. ის უკვე ქვეყნის პირველი პირისთვის არასასურველი ფიგურაა”.

დაახლოებით ნახევარი წლის წინ, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი არალოიალურად განწყობილი გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების ამბავი გავრცელდა,  “დამკვეთის” შესახებ პრესაში სწორედ აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრზე იწერებოდა, თითქოს “ამ მინისტრს ქვეყნის პრეზიდენტისთვის “საჩუქრის” გაკეთება სურდა”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


გუნელ მევლუდი