ახალი ამბები

ეს ეხება ალტერნატივის შექმნას შავი ბაზრისათვის – ვოლსკი მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებაზე

12 სექტემბერი, 2018 • 2033
ეს ეხება ალტერნატივის შექმნას შავი ბაზრისათვის – ვოლსკი მარიხუანის მოყვანის ლეგალიზებაზე

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი გია ვოლსკი სამედიცინო მიზნით ექსპორტისათვის მარიხუანის წარმოების შესაძლო დაშვებას შავი ბაზრის ალტერნატივად აფასებს. მისი თქმით, “გარკვეული ძალები განგებ ცდილობენ”, ყურადღება მხოლოდ ცვლილებების ამ ნაწილზე გაამახვილონ და მკაცრი რეგულაციები უგულებელყონ.

ვოლსკიმ ამის შესახებ დღეს, 12 სექტემბერს, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული კონფერენციის დაწყებამდე ისაუბრა.

“ვფიქრობ, განგებ ხდება გარკვეული თემის აგორება, მხოლოდ ექსპორტზე ლაპარაკი. ამ კანონს აქვს სერიოზული ნაწილი, რეგულირება შემოიტანოს იმ განუკითხაობაში, რაც დღეს არსებობს; ანუ კანაბისის მომხმარებელი ათჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ ამას გააკეთებს იმიტომ, რომ რეგულირება იქნება ძალიან მკაცრი. რაც შეეხება ზეთის წარმოებას, ამის გაყიდვას, ეს ეხება ალტერნატივის შექმნას შავი ბაზრისათვის. ეს არის თემა”, – თქვა მან.

“ნეტგაზეთის” ჟურნალისტის კითხვაზე, მოაგვარებს თუ არა წარმოების დაშვება “შავი ბაზრის” პრობლემას, ვოლსკიმ უპასუხა, რომ “მნიშვნელოვანწილად მოაგვარებს”.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიზანიც მარიხუანის მოხმარების დარეგულირებაა. ამ კანონპროექტის ნაწილია მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის საექსპორტოდ კულტივაციის ლეგალიზებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი