ახალი ამბები

ექსპორტისთვის კანაფის მოყვანა მკაცრად იქნება დარეგულირებული – ბახტაძე

12 სექტემბერი, 2018 • 2039
ექსპორტისთვის კანაფის მოყვანა მკაცრად იქნება დარეგულირებული – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 12 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, მარიხუანის მოხმარების დარეგულირების მიზნით, მთავრობის მიერ შემუშავებულ საკაბნონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, მკაცრად დარეგულირდება მარიხუანის მოხმარება და გამკაცრდება სასჯელის მოხმარების პოპულარიზებისთვის.

ბახტაძემ ასევე ისაუბრა მთავრობის ინიციატივაზე, რომლის მიზანიც არის კანაფის მოყვანის ლეგალიზება სამედიცინო მიზნით ექსპორტისთვის.

“რაც შეეხება კანაფის მოყვანას სამედიცინო მიზნით ექსპორტზე გასატანად, ეს არის რეგულაციის ის ნაწილი, რომელიც ამავე დროს, მკაცრად იქნება რეგლამენტირებული, რათა თავიდან იქნას აცილებული ქაოტური და კანონსაწინააღმდეგო პროცესი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარება პირად სივრცეში აღარ ითვლება არც დანაშაულად და არც სამართალდარღვევად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მისივე დავალებით, საკანონმდებლო ინიციატივა მოამზადა. როგორც პრემიერმა თქვა, კანონპროექტს დღესვე განიხილავენ მთავრობის სხდომაზე და შემდეგ გაეგზავნება პარლამენტს.

“იმისთვის, რომ არ დაზარალდეს საზოგადოებრივი ინტგერესი და უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია ამ კანონპროექტის დროული განხილვა, რათა სამართალდამცავებს მარიხუნის მოხმარების კონტროლის ეფექტიანი ბერკეტი ჰქონდეთ, რათა საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდები, იქნან მაქსიმალურად დაცული შესაძლო ზიანისგან ან მავნე ზეგავლენისგან”, – თქვა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, კანონპროქტის მიხედვით, მკაცრად დაისჯება მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვნის თანდასწრებით, სასწავლო დაწესებულებების სიახლოვეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. რეგულაცია ასევე შეეხებათ საჯარო მოხელეებს, პედაგოგებს, ექიმებსა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს.

“დაისჯებიან ის ადამიანებიც, რომლებიც შეეცდებიან, მოახდინონ მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაცია 21 წლამდე პირებში. მინდა ხაზგასმით აღვინშნო, რომ გამკაცრდება რეგულაცია მოხმარების რეკლამისა და პოპულარიზებისთვის”, – თქვა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, მარიხუანის გასაღება კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულია და ის ისჯება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი