როგორ გამოიყენებენ კანაფს კოსმეტიკაში და სამედიცინო მიზნებისთვის

რაში გამოიყენებენ მარიხუანისგან დამზადებული მედიკამენტებს? რა კოსმეტიკური საშუალებების დამზადება შეიძლება კანაფისაგან? როგორ უდგებიან სფეროს რეგულაციებს ქვეყნები, სადაც მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენება ლეგალურია?

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ დაგვიდასტურა, საქართველოს მთავრობა განიხილავს ქვეყანაში მარიხუანის წარმოების ლეგალიზებას, რათა შემდეგ ექსპორტზე გაიტანონ “ნახევარპროდუქტები” — პროდუქტები, რაც ფარმაცევტული/კოსმეტიკური წარმოებისთვისაა საჭირო.

სანამ კანონპროექტის პირველ ვერსიას ვიხილავთ და გავიგებთ, ზუსტად როგორი იქნება “მკაცრი რეგულაციები”, ნეტგაზეთი დაინტერესდა, როგორ და რისთვის მოიხმარენ კანაფს მედიცინასა და კოსმეტიკაში;

“სამედიცინო კანაფი”

მარიხუანა, განსაკუთრებით XX საუკუნის კულტურული რევოლუციებიდან მოყოლებული, ალბათ, განიხილება როგორც მსუბუქი რეკრეაციული ნარკოტიკი, თუმცა მას სამედიცინო მიზნებისთვისაც მოიხმარენ.

ზოგადად, მცენარე კანაფის სამედიცინო მიზნების გამოყენებას სხვადასხვა კულტურაში ხანგრძლივი ისტორია აქვს; აშშ-ის ეროვნული სამედიცინო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პროექტზე, მაგალითად, წაიკითხავთ, რომ მისი სავარაუდო გამოყენების შესახებ ინფორმაცია 5 000 წლის წინანდელ მასალებშიც არსებობს.

სამედიცინო-სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კანაფის ლეგალიზაცია. Nature-ის თანახმადვე, 2015 წლისათვის აშშ-ის 23 შტატი, ვაშინგტონთან ერთად, სამედიცინო მარიხუანის გაყიდვის უფლებას იძლევა; იმავე წელს სამედიცინო კანაფის ინდუსტრიამ ქვეყანაში მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია დაიწყეს სხვა ქვეყნებშიც — 2013-ში ურუგვაი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უპირობოდ დაუშვა კანაფის მოყვანა, გაყიდვა და მოხმარება. კანაფზე წვდომის ზრდასთან ერთად მეტმა ადამიანმა, ბავშვების ჩათვლით, დაიწყო მისი გამოყენება იმ მოლოდინით, რომ ქრონიკულ ტკივილებს თუ ნევროლოგიურ აშლილობებს უმკურნალებდნენ.

როგორც ეს ჟურნალი წერს, კანაფის მოხმარების ზრდის ფონზე მეცნიერები ცდილობენ, სიღრმისეულად გამოიკვლიონ მისი სამედიცინო მოხმარების სიკეთეები და რისკები;

როგორც აშშ-ის ზედოზირების ეროვნული ინსტიტუტი განმარტავს, სამედიცინო კანაფს დაავადებათა სიმპტომების სამკურნალოდ იყენებენ ხოლმე;  ზოგიერთი კვლევა ასკვნის, რომ კანაფს შეუძლია გულისრევისა და ღებინების შემცირება ქიმიოთერაპიისას, აივ/შიდსით დაავადებული ადამიანებისთვის მადის გაუმჯობესება-სტიმულირება, ქრონიკული ტკივილებისა და კუნთოვანი სპაზმების შემსუბუქება და ა.შ;

მართალია, აშშ-ის საკვებისა და ნარკოტიკების ადმინისტრაციას (FDA) ჯერჯერობით არ დაურთავს მარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ნება, თუმცა კანაბინოიდების კვლევების შედეგად, FDA-მ ორი მედიკამენტის გამოყენება დაუშვა, რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს  — კანაბინოიდებს. კანაფს 400-მდე ქიმიური შემადგენელი აქვს, რომელთა შორისაც 70-მდე კანაბინოიდია — ის ელემენტები, რაც ეიფორიას/ნარკოტიკულ თრობას იწვევს.

ალცჰაიმერის საზოგადოების ვებსაიტის  (ალცჰაიმერის წინააღმდეგ მებრძოლი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია) თანახმად, კანაფის მთავარი კომპონენტი არის კანაბინოიდი THC – ტეტრაჰიდროკანაბინოლი; მათივე ცნობით, ბოლო წლებში კვლევების ავტორებს უფრო მეტად აინტერესებთ კანაბინოიდების როლი ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად და გასაქრობად. იქვე ვკითხულობთ, რომ თაგვებზე ლაბორატორიული კვლევები იმედის მომცემი კი ჩანს, თუმცა ჯერჯერობით სათანადოდ არ გამოკვლეულა კანაფის ან მისი კომპონენტების გავლენა ადამიანებში ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

როგორც FDA განმარტავს, ისინი საჭიროებენ ათასობით სუბიექტზე უაღრესი ყურადღებით დაგეგმილ და ჩატარებულ კლინიკურ კვლევას, მედიკამენტის შესაძლო სიკეთეები და რისკები რომ შეაფასონ. FDA-ის თქმით, მკვლევრებს ჯერჯერობით არ ჩაუტარებიათ საკმარისად მსხვილმასშტაბიანი კლინიკური ტესტები იმის დასამტკიცებლად, რომ კანაფის მოხმარების უპირატესობები მისი გამოყენების რისკებს გადაწონის.

კანაფი კოსმეტიკაში

კანაფი გამოიყენება კოსმეტიკურ ინდუსტრიაშიც. გამოცემა Independent-ს კანაფისგან დამზადებული ასეთი პროდუქტების საუკეთესო ათეულიც კი ჰქონდა წელს მომზადებული. ათეულში შედიოდა “დაბერების საწინააღმდეგო” დღის კრემები, კანის, ხელის, ტანის მოვლის სხვა საშუალებები, შამპუნები, საპნები და ა.შ;

რას იზამს საქართველო?

სახელმწიფოს მიერ სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების პრაქტიკა არსებობს: მაგალითად, “ინდეფედენთის” ცნობით, საბერძნეთი ცდილობს მარიხუანის მოყვანას სამედიცინო მიზნებისთვის და ასე აპირებს, მცირედი კონტრიბუცია მაინც გასწიოს უმუშევრობის წინააღდმეგ ბრძოლაში.

იმის გამო, რომ- როგორც საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კაკი ზოიძემ გვითხრა, ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი კანონპროექტი- არ ვიცით, როგორ ესახება მმართველ გუნდს მარიხუანის საექსპორტოდ სამედიცინო მიზნებით წარმოების რეგულირება.

ზოიძემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ უმრავლესობის სხდომაზე ეს საკითხი “პრინციპების დონეზე”, “ზოგადად” განიხილეს:

“თვითონ მცენარეზე არ არის საუბარი.  საუბარია [იმაზე, რომ] ნივთიერებები გამოიყოს, განცალკევდეს ის ელემენტი [კანაბინოიდები], რომელიც ეიფორიის გამომწვევია და ა.შ”, გვითხრა ჯანდაცვის კომიტეტის თავმდჯომარემ.

მან ისიც დაგვიდასტურა, რომ შიდა ბაზრისთვის კულტივაცია და წარმოება კვლავ აკრძალული იქნება.

“საუბარია, რომ ექსპორტით  გავიდეს, როგორც ნახევარპროდუქტი ან შესაბამისი პროდუქტი, რომელიც სჭირდება ფარმაცევტულ წარმოებას”, – დასძინა ზოიძემ.

საქართველომ სულ რამდენიმე თვის წინ მოხსნა შეზღუდვები მარიხუანის მოხმარებაზე; მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ შედარებით მძიმე ნარკოტიკების მოხმარება კვლავ ხანგრძლივი პატიმრობით ისჯება.

ფოტო: EPA-EFE/RUNGROJ YONGRIT

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.