ნაციონალიზმსა და ქსენოფობიას ხშირად სიღარიბე ასაზრდოებს – ბახტაძე

დღეს, 11 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს რუსულ პროპაგანდასა და რუსეთის მიერ წახალისებული ყალბი ამბების პრობლემაზეც დაუსვეს შეკითხვა.

მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რუსული პროპაგანდა გამოწვევაა, თუმცა რუსეთის მცდელობები ამ მიმართულებით  წარუმატებელია და ვერც მომავალში იქნება წარმატებული.

„ეს არის არა პოლიტიკური, არამედ ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. …ჩვენ უნდა შევამციროთ და აღმოვფხვრათ სიღარიბე. სამწუხაროდ, სწორედ ეს პრობლემა ასაზრდოებს ხშირად  ნაციონალიზმს, ქსენოფობიას, ხოლო რუსული პროპაგანდა ხშირად ჩვენი ეკონომიკის სწორედ ამ სუსტ წერტილზე დარტყმას ცდილობს. ამ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხია სიღარიბის აღმოფხვრა და, ზოგადად, ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ეხება განათლებას. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ ადამიანური კაპიტალის შექმნაზე. ჩვენი საგანმანათლებლო რეფორმა გაზრდის ადამიანური კაპიტალის ინდექსს და უზრუნველყოფს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უფრო მაღალ დონეს.

პასუხი ამ გამოწვევაზე მდგომარეობს სწორედ ეკონომიკის სფეროში. დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთი წარმატებას ვერასდროს მიაღწევს მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა. გავიხსენოთ, მაგალითად, არჩევნები, რომლებშიც ე.წ პრორუსულმა პარტიებმა ხმათა 4-5%-ზე მეტი ვერ მოაგროვეს. ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი უპირობო მხარდაჭერას უცხადებს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ტელ: [0422] 27 45 12 ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com