ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის სასჯელმოხდილ პირებს, შესაძლოა, უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდოთ

11 სექტემბერი, 2018 • 1952
ნარკოდანაშაულისთვის სასჯელმოხდილ პირებს, შესაძლოა, უფლებები ავტომატურად აღარ შეეზღუდოთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში ცვლილებები განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ცვლილება კანონის იმ ნაწილში, რომელიც აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელმოხდილი პირის უფლებების შეზღუდვას გულისხმობს.

არსებული კანონმდებლობით, ნარკოდანაშაულისთვის ნებისმიერ მსჯავრდებულს რიგი სამოქალაქო უფლებები ავტომატურად ეზღუდება სასჯელის მოხდის შემდეგაც. ცვლილების მიხედვით კი, მოსამართლეს ექნება უფლებამოსილება, თავად გადაწყვიტოს, შეუზღუდოს თუ არა და რა სახით შეუზღუდოს კონკრეტულ პირს უფლებები.

“დღევანდელი კანონმდებლობით, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც ნარკოდანაშაულში მსჯავრი ედება, საპატიმრო სასჯელი იქნება თუ პირობითი, ამ სასჯელთან ერთად ავტომატურად ეფარდება სამოქალაქო უფლებებში შეზღუდვა ისეთ უფლებებში, როგორებიცაა მართვის მოწმობის ფლობა, საჯარო სამსახურში დასაქმება, იარაღის ტარება და სხვა. ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში იქნა ეს კანონი მიღებული, ნაციონალების დროს. ინიციატორებს, ყველას მიგვაჩნია, რომ ეს აბსოლუტურად არასწორი დამოკიდებულებაა. სასჯელი უნდა იყოს ინდივიდუალური”, – აღნიშნა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ მედიასთან საუბრისას.

ცვლილება, სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. სხდომას ესწრებოდა “ევროპული საქართველოს” დეპუტატი გიორგი ტუღუშიც, რომელიც აღნიშნულ ცვლილებას ეთანხმება.

“ცვლილება გულისხმობს იმას, რომ ადრე მოსამართლეს კანონმდებლობით ჰქონდა საშუალება, ბლანკეტურად შეეზღუდა გარკვეული უფლებებით სარგებლობა ნარკომომხმარებლისთვის. მაგრამ, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, მოსამართლეს ექნება დისკრეცია, თავად განსაზღვროს, თუ რამდენით უნდა შეიზღუდოს პირის უფლება. ზოგადად, მე მომხრე ვარ დისკრეციული მიდგომის”, – აცხადებს დეპუტატი.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის შემდეგ, ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი