ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლებული პოლიტპატიმარი მოსამართლეების დასჯას მოითხოვს

11 სექტემბერი, 2018 • 1353
აზერბაიჯანის ციხიდან გათავისუფლებული პოლიტპატიმარი მოსამართლეების დასჯას მოითხოვს

აზერბაიჯანში პარტია რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAl) ციხიდან გათავისუფლებულმა თავმჯდომარემ ,ილგარ მამედოვმა აზერბაიჯანის პროკურატურისგან იმ მოსამართლეების დასჯა მოითხოვა, რომელთაც მის საქმეზე დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოჰქონდათ.

ილგარ მამედოვი მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერია, რომელიც 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამედოვი იმავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს.

2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამედოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებაზე ულტიმატუმი წაუყენა, თუმცა ის 5 წელიწადზე მეტი პატიმრობაში იმყოფებოდა.

2018 წლის 13 აგვისტოს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ ილგარ მამადოვი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა.

მამედოვი ამბობს, რომ მის საქმესთან დაკავშირებულია სხვადასხვა ინსტანციის 19 მოსამართლე, რომლებიც უნდა დაისაჯონ.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია როგორც ჩემ მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებები, ასევე, ჩემი დაკავება. ამიტომაც ამ უკანონო გადაწყვეტილებებში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს”, – განუცხადა მამედოვმა გამოცემა “კავკაზსკი უზელს”

იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის პროკურატურა უარს ეტყვის მამედოვს სისხლის სამართლის საქმის დაწყებაზე, ის გეგმავს პროკურატურის უმოქმედობაზე მიმართოს ყველა ინსტანციას, მათ შორის ევროპულ სასამართლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი