ახალი ამბებისაზოგადოება

სარალიძე და მაჩილაკშვილი ღამეს პარლამენტთან გაათენებენ [video]

10 სექტემბერი, 2018 • 2077
სარალიძე და მაჩილაკშვილი ღამეს პარლამენტთან გაათენებენ [video]

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 12 სექტემბრის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაათევენ, მხარდამჭერებს კი მოუწოდებენ ხვალ მივიდნენ  პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია 19.00 საათზე განახლდება.

“აქედან ფეხს არ მოვიცვლით მანამ, სანამ სამართალი არ აღდგება ჩვენს ქვეყანაში და მკვლელი ხელისუფლება არ მოშორდება”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ და ხელისუფლებას 24-საათიანი ვადა მისცა. მისი თქმით, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

“ნუ სხედხართ ტელევიზორებთან, გამოდით. ჩვენ თქვენი იმედით გამოვედით”, – ასე მოუწოდა მოქალაქეებს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოსახლეობას – “მე და ზაზამ დასაკარგი უკვე დავკარგეთ. ჩვენ იმისთვის გამოვდივართ ქუჩაში, რომ თქვენი შვილები, თქვენ იყოთ კარგად და გქონდეთ მომავალი ქართველ ბავშვებს”.  

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ აქციები 11 სექტემბერს გაანაახლეს.

ისინი მაისსა და ივნისში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ კვლავ ხელისუფლების გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავე პირების დასასჯელად.

მაშინ გამართული აქციების შედეგად საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის დასკვნაც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას,  თუმცა ცალკე დასკვნა გამოაქვეყნა “ქართულმა ოცნებამ”.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

საგამოძიებო კომისიის დასკვნას ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ მოყოლია. ზაზა სარალიძე “ოცნების” დასკვნას სამარცხვინო უწოდა:  

“ქართულმა ოცნებამ” წარმოაჩინა ისე, თითქოს მე ვინტერესდებოდი მხოლოდ და მხოლოდ იმით, თუ ვინ დაანგრია ფარდული, ვინ გაღუნა დანა და რატომ მფარველობდნენ სუბელიანს. სამარცხვინოა მათი ეს დასკვნა. ეს არც კი უნდა გაეფიქრებინათ იქიდან გამომდინარე, რომ აქ არის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი: ვინ მოკლა დავით სარალიძე?”.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამაც მიიჩნევს, რომ როგორც დავით სარალიძის, ასევე მისი შვილის მკვლელებს ხელისუფლება ხელს აფარებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი