2018 წლის მე-2 კვარტალში $389 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მე- 2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესიტიციის მოცულობამ 389 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.  2018 წლის მე-2 კვარტლის FDI – ის მოცულობა 9.4%-ით აღემატება წინა წლის მე-2 კვარტლის მონაცემს.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით 2017 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში დაახლოებით 355 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტია განხორციელდა. წინანსწარი მონაცემებით კი მიმდინარე წლის ორივე კვარტალში ქვეყანაში დაახლოებით 676 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მაშინ როცა 2017 წლის მხოლოდ  მე-3 კვარტალში საქართველოში 622 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

წყარო : საქსტატი

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, მე-2 კვარტალში უმსხვილესი ინვესტორები აზერბაიჯანი, ჩეხეთი და ნიდერლანდები არიან. საქსტატის ცნობითვე, 2017 წლის III კვარტლდან აზერბაიჯანიდან ინვესტიციები მცირდება. თუ გასული წლის მე-3 კვარტალში ამ ქვეყნიდან თითქმის 151 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა. 2018 წლის მე-2 კვარტალში აზერბაიჯანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 80.5 მლნ აშშ დოლარია. 2017 წელს ჩეხეთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-5 ადგილზე იყო.

წყარო: საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგიტიკაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობისა და საფინანსო სექტორში განხორციელდა. ენერგეტიკის სფეროში სამ თვეში შემოსულმა ინვესტიციების მოცულობამ 108 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტრანსპორტის სექტორში მე-2 კვარტალში 77 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება საფინანსო სექტორს, ამ პერიოდში 64 მლ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. 2017 წელთან შედარებით, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. ეკონომიკის ამ სექტორში გასული წლის II კვარტალში ინვესტიციების მოცულობა 115 მლნ დოლარს აჭარბებდა.

გასული წლიდან საქსტატი FDI-ის ახალი მეთოდოლოგიით ითვლის, რომლის მიხედვითაც, წლიური დაზუსტების გარდა, საქსტატს უფლება აქვს, ნებისმიერი პერიოდის მონაცემებში ცვლილება შეიტანოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.