შსს უმკაცრეს რეაგირებას ჰპირდება ყველას, ვინც საქართველო-ლატვიის მატჩზე კანონს დაარღვევს

განახლება: სტატიაში მითითებულია, რომ “ქართული მარში” მზადაა, ყოველგვარი აქტივობა გააუქმოს, თუ სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკა არ გამოჩნდება. რამდენიმე წუთის წინ მათი გვერდიდან ამ ცნობის შემცველი პოსტი წაიშალა და დაიწერა, რომ დღეს, 18:00-ზე, სტადიონის შესასვლელთან აქცია მაინც გაიმართება. “მარში” მოითხოვს, კაშიამ ბოდიში მოუხადოს მათ, ვისი “რელიგიური გრძნობებიც” თავისი ქმედებით შეურაცხყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო “დიანმოს სტადიონზე” საქართველოსა და ლატვიას შორის დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მატჩზე მისვლას გეგმავენ როგორც ფეხბურთელ გურამ კაშიას მხარდამჭერები, ისე მოწინააღმდეგეები და მოქალაქეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

“გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატჩზე დამსწრე ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი გეგმავს გურამ კაშიას მხარდაჭერას, ხოლო ნაწილი პროტესტის გამოხატვას ამ უკანასკნელის მიმართ, მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო.

“სამინისტრო პატივს სცემს ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას და იცავს მათ უსაფრთხოებას სქესის, კანის ფერის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების თუ სხვა ნიშნის მიუხედავად.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მატჩის მსვლელობისას დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მისი უსაფრთხო გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერ ქმედებას, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება საქართველოს ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმკაცრესი რეაგირება”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩი საქართველოსა და ლატვიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის დინამოს სტადიონზე დღეს, 9 სექტემბერს, 20:00-ზე გაიმართება.


გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ “ვიტესში” თამაშისას, ქვეყნის სხვა კლუბების კაპიტნების მსგავსად, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას, დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა.

კაშიას ამ ქმედებას საქართველოში უარყოფითად გამოეხმაურნენ ფაშისტური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური დაჯგუფებები. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო 2018 წლის 30 აგვისტოს გადასცა.

ჯილდოს გადაცემას საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან სიძულვილის მორიგი ტალღა და მუქარაც მოჰყვა, თუმცა არ დააყოვნა მხარდამჭერთა რეაქციამაც. ასე დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ, რომლის ფარგლებშიც ფეისბუქზე ათასობით ადამიანმა დაწერა, რომ ისინი მხარს უჭერენ გურამ კაშიას. ადამიანები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს მოუწოდებენ, დღეს სტადიონზე გურამ კაშიას გასამხნევებლად მივიდნენ. ნაწილი, სოლიდარობის ნიშნად, ლგბტ დროშის ფერებით სამკლაურის გაკეთებასაც გეგმავს.

პარალელურად, სხვადასხვა სახის მოწოდებები ჟღერდება კაშიას მოწინააღმდეგეებისგანაც. გაზეთ “ასავალ-დასავალის” გარეკანზე გამოტანილია წარწერები, რომ “9 სექტემბერს მთელმა თბილისმა ალყაში უნდა მოაქციოს დინამო-არენა” და “9 სექტმებერს დინამო-არენაზე უამრავი ლგბტ დროშა უნდა დაიწვას”. მოწოდებები საკუთარ გვერზე სხვადასხვა ჰომოფობიურმა ჯგუფმა, მათ შორის, “ქართულმა მარშმაც” გაიზიარა. მოგვიანებით “მარშმა” ისიც განაცხადა, რომ მზადაა, ყოველგვარი აქტივობა გააუქმოს, თუ სტადიონზე ლგბტ სიმბოლიკა არ გამოჩნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან