ახალი ამბები

დეპუტატ კვიციანს საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვა სურს

7 სექტემბერი, 2018 • 6532
დეპუტატ კვიციანს საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარულის აკრძალვა სურს

საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საჯარო სივრცეში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენას კრძალავს.  კანონპროექტის ინიციატორი “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ემზარ კვიციანია.

როგორც კვიციანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით სამშაბთს, 4 სექტემბერს მიმართა.

პარლამენტის ბიუროს კანონპროექტი ჯერ არ განუხილავს. თუ კანონპროექტი 51 დეპუტატის მხარდაჭერას მოიპოვებს და პარლამენტი დაამტკიცებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით გამოჩენა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის მიხედვით, თავდაპირველად 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი 1500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

საკანონმდებლო ინიციატივით,  აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

კანონპროექტი პარლამენტში დეპუტატმა ემზარ კვიციანმა შეიტანა, თუმცა მისი ავტორი, როგორც თავად წერს, ზვიად ტომარაძეა. 

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21″-ის დირექტორი, ზვიად ტომარაძე ასევე არის ავტორი სხვადასხვა კანონპროექტისა და საკანონმდებლო წინადადებისა, რომელიც ეხება აბორტის აკრძალვას, რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფას, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვას და ასე შემდეგ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი