ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გარანტიის მოხსნა ამ ინსტიტუტს დააკნინებს

7 სექტემბერი, 2018 • 1451
ნაცვლიშვილი: პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გარანტიის მოხსნა ამ ინსტიტუტს დააკნინებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში მომზადებული ცვლილებები, რომლებიც პრეზიდენტს უკარგავს  სიცოცხლის ბოლომდე დაცვის გარანტიას, ამ ინსტიტუტის დაკნინებას ემსახურება.

ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის მიზანია შეიზღუდოს პრეზიდენტის უსაფრთხოება და ეს გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე.

ანა ნაცვლიშვილი აცხადებს,  რომ პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მინიშნებაა მომავალი პრეზიდენტისათვის, რომ მისი უსაფრთხოება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების განხორციელების პროცესში, დამოკიდებული იქნება მთავრობის გადაწყვეტილებასა და მთავრობის კეთილ ნებაზე.

მისი განმარტებით,  ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისკენ, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და მნიშვნელოვანწილად დაკნინებული.

,,მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტის უსაფრთხოების დაცვა ევალება სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურს და ეს ვალდებულება გრძელდება მას შემდეგაც, რაც პირის უფლებამოსილება ამოიწურება. მაგრამ ახლა შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილება, როდესაც კანონი კი აღარ იქნება ამ გარანტიის მიმცემი პრეზიდენტისთვის, არამედ ეს უნდა გადაწყვიტოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობამ.

პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების, დაცულობის, და სწორედ ამ უმაღლესი გარანტიების შემცირებასთან გვაქვს ახლა საქმე, რაც არის არასწორი და იქნება პრობლემური. იმ კონსიტიტუციით, რომელიც არჩევნების შემდეგ შევა ძალაში, პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურაა და ახლა ამ ზეპარტიული პრეზიდენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულმა მთავრობამ”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილებები სწორედ ახლა ხორციელდება, რაც სიგნალია არამხოლოდ მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის:

“ეს ცვლილება არის მცდელობა, რომ დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლი და მიანიშნოს მომავალ პრეზიდენტს, რომ მისი უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციების  განხორციელების პროცესში,  იქნება დამოკიდებული მომავალში მთავრობის გადაწყვეტილებაზე და მთავრობის კეთილ ნებაზე”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

კანონპროექტით, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, სახელმწიფო დაცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს
პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ  იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივდებათ, თუ  იარსებებს საკმარისი მონაცემები, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

კანონის მოქმედი რედაქციით კი, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების პერიოდში მისი ოჯახის წევრებს ენიშნებათ პერსონალური დაცვა და ის უნარჩუნდებათ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, პრეზიდენტის სიცოცხლის ბოლომდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი