ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზმა დეპუტატმა ეხოკავკაზას ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

7 სექტემბერი, 2018 • 2684
აფხაზმა დეპუტატმა ეხოკავკაზას ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მოიგო

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და პარლამენტის დეპუტატმა რაულ ლოლუამ ეხოკავკაზას აფხაზი ჟურნალისტის, იზიდა ჭანიას წინააღმდეგ საქმე აფხაზეთში პირველი ინსტანციის სასამართლო პროცესი მოიგო.

მოსამართლე რუსტამ ჭაღავამ დააკმაყოფილა ლოლუას სარჩელი და აღიარა, რომ ინფორმაცია, რომელიც იზიდა ჭანიამ გაავრცელა, მის პატივსა და ღირსებას ლახავს.

საქმე შეეხებოდა 2016 წლის 7 ივლისს “ეხო კავკაზაზე” გამოქვეყნებულ ბლოგს, სათაურით “აფხაზები საკადრო საკითხმა გააფუჭა”, სადაც მაშინდელ შს მინისტრ რაულ ლოლუაზეც წერდა.

იზიდა ჭანიამ რამდენიმე დღის წინ უარი განაცხადა სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, რადგანაც, როგორც თავად ამბობს, აზრს ვერ ხედავს. მან პროტესტის ნიშნად ადვოკატთთან ერთად დატოვა სასამართლო დარბაზი.

სასამართლო პროცესი თითქმის ორი წელი გრძელდებოდა. იზიდა ჭანიას სასამართლო პროცესიდან გამოთიშვის დღესვე მოსამართლემ გადაწყვეტილება ყოფილი მინისტრის სასარგებლოდ გამოიტანა.

მოსამართლემ ჭანიას დააკისრა ლოლუას სასარგებლოდ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამი ათასი რუბლის ოდენობით კომპენსაცია, ასევე, სასამართლოს ხარჯების 32 305 რუბლის ოდენობით ანაზღაურება.

“სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, სხვას არაფერს მოველოდით მოსამართლე ჭაღავასგან, რომელმაც სრული სოლიდარობა გამოუცხადა მომჩივანს. ამ სასამართლომ პარლამენტზე დამოკიდებულება აჩვენა. პარლამენტი ჩვენთან ამტკიცებს მოსამართლეებს და ისინი გარკვეული გავლენის ქვეშ იმყოფებიან. სასამართლომ აჩვენა მედიის აბსოლუტური დაუცველობა. მინდა აღვნიშნო პოლიტიკოსების მიერ მედიაზე ზეწოლის საფრთხე. ეს ადამიანები ჯერ არ მოსულან ხელისუფლებაში. უკვე შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა ელის მედიას, თუკი ისინი ხელისუფლებამდე მოაღწევენ”.

ჟურნალისტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას დე ფაქტო რესპუბკლიკის უზენაეს სასამართლოში აპირებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი