ახალი ამბები

ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების ვადა დღეს იწურება

7 სექტემბერი, 2018 • 2516
ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების ვადა დღეს იწურება

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტში შესწორებების დარეგისტრირების ვადა დღეს იწურება.

ამის შესახებ ევროპარლამენტის ვებგვერდზე არის მითითებული.

ევროპარლამენტარ ანა გომეშის ინფორმაციით, დამატებები ძირითადად შეეხება მართლმსაჯულებისა და მედიაპლურალიზმის თემებს.

“ერთი შესწორება “რუსთავი 2″-ის საკითხს ეხება მედიაპლურალიზმის კონტექსტში. ასევე მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის რეფორმირება. ამ კვირაში პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელთან  და რამდენიმე დეპუტატმა ეს საკითხები წინ წამოწია. ამავდროულად, ბევრ სფეროში ვნახეთ პროგრესი, მათ შორის, მთავრობისა და ოპოზიციის ურთიერთობებში, მაგრამ რჩება პრობლემებიც, რომელსაც ამ ყოვლისმომცველ ანგარიშში შევეხებით”, – განუცხადა ანა გომეშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს.

აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ანგარიშის პროექტის ტექსტი გამკაცრდება. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ  სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არღვევს დემოკრატიული სისტემის შექმნის თვალსაზრისით აღებულ ვალდებულებებს და სწორედ ამიტომ “ბევრი შეკითხვა არსებობს და ბევრი შესწორებები შედის ანგარიშში”.

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი კი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოზე მომზადებული ანგარიშის ავტორი ანდრეი მამიკინსია. კანდელაკის თქმით, ის ლატვიაში რადიკალური პრორუსული პარტიის ერთ-ერთი სახე და ბაშარ ალ ასადის დამცველია.

ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან საპრეზიდენტო კანდიდატებიც ოპოზიციიდან – გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის აზრით, აღნიშნულ ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპარლამენტის მიერ მომზადებული პოზიტიური ანგარიშის დაზიანება.

“ანგარიში, რომელიც მომზადდა მომხესენბლის მიერ, არის ძალიან პოზიტიური. სამწუხაროდ, როგორც ჩანს,  ოპოზიციას ეს ძალიან აწუხებს. ჯერ ვნახეთ მცდელობა, რომ სხვადასხვა ანგარიშებზე საუბრით საზოგადოება დაებნიათ და ნონა მიხელიძის ანგარიში აერიათ სხვა ანგარიშში. მეორე, მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ვიზიტი, რომლითაც საპრეზიდენტო კანდიდატები ბრიუსელში იმყოფებიან, ემსახურება იმას, რომ ევროპარლამენტის მიერ მომზადებული დადებითი შეფასებები დაზიანდეს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დეპუტატმა ანდრე მამიკინსმა მოამზადა. დოკუმენტი სქართველოსა და ევროგაერთიანების სამწლიან თანამშრომლობას აჯამებს და როგორც მიღწევებს, ისე გამოწვევებსა და ევროპარლამენტის რეკომენდაციებს აერთიანებს.

რეკომენდაციათა დიდი ნაწილი კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობას ეხება. ამ კონტექსტში ევროპარლამენტი მოხარულია მთავრობის ბრძოლით კორუფციასთან, პროგრესით სასამართლო რეფორმაში, სამოქალაქო სერვისის კანონის მიღებითა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლით. თუმცა ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოყოს და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოაყალიბოს;

შექმნას ეფექტური მექანიზმი სახელმწიფო უწყებების ოფიციალურ პირთა მიერ ძალაუფლების გადამეტების შემთხვევების გამოსაძიებლად

უზრუნველყოს სასამართლო სისტემის მეტი გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა.
გააუმჯობესოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის რეფორმის აღსრულება.

განიხილოს ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ნარკოპოლიტიკის რეფორმას, საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა კონტექსტში, ევროპარლამენტი მოხარულია საქართველოში ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის შექმნით, პრესის თავისუფლების ინდექსში კი, საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებით, თუმცა აქვე მოუწოდებს ხელისუფლებას:

გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმი და ამ კუთხით სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან ითანამშრომლოს. შექმნას უსაფრთხო გარემო ქვეყნის შიგნით მომუშავე უფლებადამცველებისთვის;

გადადგას ნაბიჯები დაუცველი ჯგუფების ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად სიძულვილის ენასთან და დისკრიმინაციასთან ბრძოლით, მათ შორის, შრომის ბაზარზე, ლგბტქი ადამიანების, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისა და უმცირესობების მიმართ.

გადადგას ნაბიჯები ქალთა დასაცავად ყველა სახის ძალადობისა და სექსუალური შევიწროებისგან და გაზარდოს მათი მონაწილეობა როგორც პოლიტიკაში, ისე შრომის ბაზარზე.

ხაზი გაუსვას თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მასმედიის მნიშვნელობასა და საკვანძო დემოკრატიულ პრინციპებს.

ევროპარლამენტის შეფასებები და რეკომენდაციები ასევე შეეხება შრომის ბაზარსაც. მოწოდებები ძირითადად ეხება ბავშვთა შრომის, შრომის ინსპექციის გაუმჯობესებისა და პროფესიული კავშირების თავისუფლების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით ევროპარლამენტი მოხარულია საქართველოსა და ევროკაშირის თანამშრომლობით, თუმცა მთავრობას მოუწოდებს, ნაბიჯები გადადგას ენერგოდამოუკიდებლობის, განახლებადი ენერგიისა და კანონმდებლობის შესაბამისად დახვეწის კუთხით.

ევროპარლამენტი ანგარიშს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ოქტომბერში დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი