დონეცკში ირწმუნებიან, რომ ზახარჩენკოსთან ერთად ხაჯიმბას და ბიბილოვის აფეთქებას გეგმავდნენ

“დონეცკში ტერაქტი არამხოლოდ ზახარჩენკოს წინააღმდეგ მზადდებოდა, უკრაინელი სპეცსამსახურების მიზანს ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელებიც წარმოადგენდნენ”, – ამის შესახებ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების ექსმინისტრმა ანდრეი პინჩუკმა “მოსკოვსკი კამსამოლეცთან” საუბარში განაცხადა.

“მომზადებული იყო ტერაქტების სერია. ტერორისტული ყურადღების ობიექტში არამხოლოდ ზახარჩენკო იყო. მაგალითად, დონეცკში რეგულარულად იმყოფებიან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელები. ზახარჩენკო მათთან ერთადაც გადიოდა სადილზე, სავახშმოდ. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რამაც ზახარჩენკო მოკლა, სხვა მსხვილი პოლიტიკური მოღვაწეების მიმართაც უნდა გააქტიურებულიყო. უნდა დალოდებოდნენ, როდესაც ხაზარჩენკო ვინმესთან ერთად გამოჩნდებოდა, თუმცა, აღარ დაიცადეს და აფეთქება გადაწყვიტეს”, – ირწმუნება პინჩუკი.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის, ალექსანხდრე ზახარჩენკოს მკვლელობაში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ.  ზახარჩენკო დონეცკის ცენტრში, რესტორან “სეპარატისტთან” აფეთქების შედეგად დაიღუპა.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ლიდერები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი მჭიდრო კავშირში იყვნენ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან და სხვადასხვა ოფიციალური ვიზიტებით ხშირად სტუმრობდნენ დონეცსკა და ლუგანსკს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი