ახალი ამბები

ნუ დაანებებთ ერდოღანს, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს – ჰარმსი IBSU-ზე

7 სექტემბერი, 2018 • 6531
ნუ დაანებებთ ერდოღანს, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს – ჰარმსი IBSU-ზე

ევროპარლამენტის წევრი რებეკა ჰარმსი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სოლიდარობას უცხადებს. ევროპარლამენტარმა “ტვიტერზე” IBSU-ს მხარდამჭერი პეტიცია გააზიარა და საზოგადოებას მოუწოდა, არ დაუშვან, რომ თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოში კანონის უზენაესობა შეზღუდოს.

“დადექით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად! გთხოვთ, მოაწერეთ ხელი პეტიციას. ნუ მისცემთ უფლებას ერდოღანს, საქართველოში კანონის უზენაესობა დაასუსტოს!” – წერს ჰარმსი, რომელიც ევროპარლამენტში “მწვანეების ევროპული თავისუფალი ალიანსის” წევრია.

IBSU-ს გარშემო განვითარებული მოვლენების შესაძლო პოლიტიკურ მოტივებზე საქართველოშიც საუბრობენ. უნივერსიტეტის წარმომადგენლები აღნიშნულზე საუბრისგან ჯერ თავს იკავებენ, თუმცა IBSU-ს მხარდამჭერთა ნაწილი აღნიშნულ ეჭვს არ მალავს. მაგალითად, პოლიტოლოგ გია ნოდიას მიაჩნია, რომ პროცესში საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ავტორიზაციის საბჭოს ხისტი გადაწყვეტილება პოლიტოლოგს ეჭვს უმყარებს, რომ მოვლენები, შესაძლოა, დემირელისა და შაჰინის სკოლების დახურვით დაწყებული პროცესის გაგრძელება იყოს, რომელშიც თურქეთის ხელისუფლების გავლენა იგრძნობა.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ IBSU-სთვის დაწესებულ შეზღუდვამდე 4 დღით ადრე, 16 აგვისტოს, თურქეთის ელჩმა საქართველოში “ანადოლუს” უთხრა, რომ თურქეთი “გიულენისტებთან” ბრძოლის კუთხით თბილისის ქმედებებით ბოლომდე კმაყოფილი არაა. ფატმა ჯერენ იაზგანმა აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთიულაჰ გიულენის მხარდამჭერები იგულისხმა, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის გადატრიალების მცდელობის ორგანიზებას ედავება.

მან ასევე თქვა, რომ “აღნიშნულ ტერორისტულ ორგანიზაციას საქართველოში კვლავ გააჩნია უნივერსიტეტი და მას ხელმძღვანელობს ძებნილი ტერორისტი, რომელსაც მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა”. ელჩს უნივერსიტეტი არ დაუკონკრეტებია და, შესაბამისად, უცნობია, გულისხმობდა თუ არა ის შავი ზღვის უნივერსიტეტს.

20 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა IBSU-ს პირველკურსელთა ნაკადის მიღების უფლება 1 წლით შეუზღუდა. მიზეზად ფინანსური არამდგრადობა, კერძოდ, სახელმწიფოსადმი არსებული დავალიანება სახელდებოდა.  26 აგვისტოს IBSU-მ სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება გადაიხადა.  ცენტრში უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას მიესალმნენ, თუმცა აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილება აპელაციის გარეშე ვერ გადაიხედება. უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას 10 სექტემბერს სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი