ახალი ამბები

მარნეულის მერ თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა

6 სექტემბერი, 2018 • 2827
მარნეულის მერ თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმდა

6 სექტემბერს წინასასამართლო სხდომაზე მარნეულის მერს, თემურ აბაზოვს ბრალი დაუმძიმეს.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იგი პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფაშიც დაადანაშაულეს.

ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია დაუდასტურა აბაზოვის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა. “ედავებიან, თითქოს სოციალურ ქსელში გაავრცელა დაზარალებული პირის შესახებ ინფორმაცია”, გვითხრა მოსიაშვილმა. მარნეულის სათემო რადიოს ცნობით, სასამართლოს სხდომას აბაზოვი სხვა ბრალდებულებთან ერთად დაესწრო.

აბაზოვს პროკურატურამ თავდაპირველად მხოლოდ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში დასდო ბრალი, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობდა.

რადიო მარნეულმა  და სტუდია მონიტორმა 12 ივნისს გაავრცელეს ცნობა, რომ მარნეულში ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის შეგინების შემდეგ მოქალაქეს ბოდიში მოახდევინეს და სახის საკუთარი შარდით დაბანა აიძულეს.

მათ თანახმად, მარნეულელმა კაცმა თბილისში, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ივანიშვილსა და აბაზოვს შეაგინა, ეს კადრები ფეისბუკზე მესამე პირმა ატვირთა, მოგვიანებით კი სხვადასხვა ფეისბუკ ჯგუფში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ იხდის ბოდიშს აღნიშნული გინების გამო. გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, თითქოს მას შარდით აიძულებენ სახის დაბანას და აზერბაიჯანულად ეუბნებიან – “შენ ღირსება არ გაქვს”.

როგორც სათემო რადიო წერს, დამამცირებელი ვიდეოს გადაღებას ესწრებოდა მარნეულის მერი თემურ აბაზოვიც. თუმცა თავად აბაზოვმა უარყო ცნობები და განაცხადა, რომ შემთხვევის შესახებ არაფერი იცოდა.

“ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას და იმედია მიზანს მივაღწევთ — უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი თემური აბაზოვი” — უთხრა ნეტგაზეთს აბაზოვის ადვოკატმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი