MAGNUM-ის ფოტოგრაფის, თომას დვორჟაკის შეხვედრა სოხუმის აუდიტორიასთან

“მე არასდროს მიძებნია კადრები, წინასწარ არასოდეს ვიცოდი, რა გამოვიდოდა”, – ასე დაიწყო საუბარი სოხუმელებთან თომას დვორჟაკმა, MAGNUM-ის ფოტოგრაფმა, რომელმაც სოხუმში, “საწყობის” [SKLAD] კულტურულ სივრცეში შეხვედრა გამართა.

შეკრებილ აუდიტორიას ძირითადად ჟურნალისტები, მხატვრები, ფოტოგრაფები, სტუდენტები შეადგენდნენ. ბევრი მათგანი მოვიდა, გაეგოთ პასუხი, რა და როგორ უნდა გადაიღონ იმისთვის, რომ ასეთივე პოპულარულები გახდნენ.

“შეწყვიტეთ მხოლოდ ფოტოგრაფობა, ჩაეფალით იმ სივრცეში, არ იყოთ გულგრილი იმის მიმართ, რასაც იღებთ, შეეცადეთ, საგნების სიღრმეებში შეაღწიოთ”, – უყვებოდა თომას დვორჟაკი დამწყებ აფხაზ ფოტოგრაფებს.

იმის მიუხედავად, რომ დვორჟაკი სამხედრო ფოტოგრაფია და ბევრი უმუშავია კავკასიაში, კერძოდ, ჩეჩნეთსა და საქართველოში, აუდიტორიის კითხვები პოლიტიკას არ შეხებია. თითქოს არავის აინტერესებდა მისი პოლიტიკური შეხედულებები, ან ის, თუ რომელი “მხარის” მიმართ გამოხატავს სიმპათიას. ყველა კითხვა ხელოვნების ირგვლივ ტრიალებდა – როგორ ვიპოვოთ საჭირო რაკურსი და სინათლე, ვის მიიჩნევთ თანამედროვე ფოტოგრაფიაში ყველაზე ნიჭიერად და ა.შ.

ფოტოგრაფის თქმით, თანამედროვე სამყაროში ფოტოგრაფის პროფესია აღარ არის განსაკუთრებული.

“ნებისმიერს, ვისაც ტელეფონი და კომპიუტერი აქვს, იმავეს გაკეთება შეუძლია, რაც ჩვენ. ფირიანი ფოტოაპარატები, რითაც მე დავიწყე, ბევრად ჩამოუვარდება თანამედროვე ტელეფონების გადაღების ხარისხს. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს ტელეფონით ფოტოს გადაღება, ბევრ შესაძლებლობას მაძლევს ფოტოსთვისაც და მათი დამუშავებისთვისაც”.

მისი თქმით, სანამ პროფესიონალი ფოტოგრაფები გადასაღებ თემებს მოიფიქრებენ და ლამაზ ფოტოებს გადაიღებენ, ინსტაგრამის ჩვეულებრივი მომხმარებლები შედევრებს ქმნიან.

“მიყვარს ინსტაგრამში საინტერესო ნამუშევრების მოძიება. ზოგჯერ შეიძლება wow ფოტო იპოვო ისეთი მომხმარებლის “ექაუნთზე”, რომელსაც 35 ფოლოვერი ჰყავს”.

სოხუმში შეხვედრის დროს დვორჟაკმა აუდიტორიას რამდენიმე საკუთარი ნამუშევარიც აჩვენა. ფოტოები გადაღებული იყო ავღანეთში, ერაყში, სოჭში ოლიმპიადამდე და კავკასიის რეგიონებში.

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, დღეს აღარ სურს ფოტოების მხოლოდ ხელოვნების სიყვარულის გამო გადაღება.

“თუ არ მიკვეთავენ ფოტოს, ადამიანების ცხოვრებაში არ ვიჭრები. მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ჩავდიოდი, ადამიანები მეხმარებოდნენ. ისინი ამბობდნენ, “უცხოელი ჩამოვიდა, უნდა დავეხმაროთო”. ისინი მეხმარებოდნენ, მე კი ფოტოს და პრემიებს ვიღებდი. თუმცა რით დავეხმარე მე მათ? არაფრით. ასე აღარ მსურს. ვფიქრობ, სხვის ცხოვრებაში ჩარევის უფლება არ მაქვს. ახლა ისტორიული ფოტოები მაინტერესებს. მეორე მსოფლიო ომის თემა, მგონი, ყველაზე მეტად მომწონს”.

თუმცა სოხუმში გადაღება მაინც მოუწია – სირიიდან დევნლების ცხოვრების თემაზე ფოტოსერია შეუკვეთეს.

კითხვაზე, რატომ მოსწონს ომის და მასთან დაკავშირებული პროცესების გადაღება, პასუხობს, ამის მიუხედავად, ომი მისი ყველაზე დიდი შიშია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.