ახალი ამბები

ბახტაძე სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე ოპოზიციის დასკვნას აკრიტიკებს

6 სექტემბერი, 2018 • 2322
ბახტაძე სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე ოპოზიციის დასკვნას აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიაჩნია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარტია “ევროპული საქართველოს” მომზადებული დასკვნა პოლიტიკურ შეფასებებს შეიცავს. საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ბახტაძემ აღნიშნა, რომ კომისია კანონმდებლობით გაწერილ ფუნქციას უნდა ასრულებდეს.

“…სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის დიდი ნაწილი გახლავთ სწორედ პოლიტიკური შეფასებები. მაგრამ ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, მთავარია დავრწმუნდეთ, დარწმუნდეს ქართული საზოგადოება, რომ გამოძიების პროცესში არ ყოფილა მნიშვნელოვანი ხარვეზი აღმოჩენილი, ან თუ იყო, ის უნდა გამოსწორდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც საზოგადოება ელის და რისთვისაც რეალურად იყო შექმნილი აღნიშნული კომისია.

მისი[კომისიის] მთავარი ფუნქცია გახლავთ გამოძების პროცესში შესაძლო ხარვეზების დადგენა და რეკომენდაციების მიცემა თვითონ გამოძიებისთვის და არა სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შეფასება ან, მით უმეტეს, პოლიტიკური შეფასება. ვინაიდან, როდესაც ხდება პოლიტიკური შეფასება, ეს, რა თქმა უნდა ობიექტურობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ”, – აცხადებს პრემიერი.


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მომუშავე საგამოძიებო კომისიამ მუშაობა გუშინ დაასრულა. წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ოპოზიციის მიერ მომზადებულ დასკვნას, “ქართული ოცნების” დასკვნა კი არ დამტკიცდა.

67-გვერდიან დასკვნას, რომელიც უმცირესობის დეპუტატმა ოთარ კახიძემ წარმოადგინა, მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა, 4 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭი უყარეს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ ალტერნატიულ დასკვნასაც, რომელმაც კომისიის 4 წევრის მხარდაჭერა დაიმსახურა, 9 წევრმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დამტკიცდა. დამტკიცებული დასკვნა ბიუროს უახლოეს საათებში წარედგინება.

ოპოზიცია საკუთარ დასკვნაში გამოძიების მიმდინარეობისას გამოვლენილ მთელ რიგ ხარვეზებზე საუბრობს და ორი მინისტრის – თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.

სხდომის დასასრულს მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე იკამათეს. ოპოზიცია საქმის არასათანადო გამოძიებაზე საუბრობდა, მმართველი გუნდი კი უმცირესობას მიკერძოებაში ადანაშაულებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი