ბახტაძე დარწმუნებულია, რომ პრორუსული პროპაგანდა საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს მექანიზმები სჭირდება პრორუსული პროპაგანდისაგან თავდასაცავად, თუმცა, როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დარწმუნებული და თავდაჯერებულია, რომ რუსეთიდან მომდინარე რბილი ძალა “საფუძველს მოკლებული იქნება”.

მამუკა ბახტაძემ კომენტარი თბილისში მიმდინარე რუსეთის პრეზიდენტის გრანტის დაფინანსებული მედიაფორუმის შესახებ გააკეთა.

“რაც შეეხება რბილ ძალას და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ საქართველოსთვის არაა გამოწვევა. სამწუხაროდ, ეს მთელი დასავლეთისა  და ევროპული ცივილიზაციისთვის იქცა გამოწვევად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო. რაც შეეხება რბილი ძალის და პროპაგანდის ეფექტს, ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა. ეს მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის”, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს დაბრუნება ევროპულ ოჯახში “ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია”.

“რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს მოსახლეობაზე, მაგრამ დარწმუნებული და თავდაჯერებული ვარ, რომ ეს საფუძველს მოკლებული იქნება”, – თქვა ბახტაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com