ახალი ამბები

პრემიერი ქობულიას შვებულებაზე – ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს

6 სექტემბერი, 2018 • 1924
პრემიერი ქობულიას შვებულებაზე – ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას შვებულების საკითხთან დაკავშირებით დღეს, 6 სექტემბერს ჩატარებულ ბრფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეკონომიკის მინისტრი მთავრობის სხდომებს არ ესწრება, სხდომაზე განსახილველ საკითხთა უმეტესობა ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული. გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 14 ივლისს დაინიშნა.

“ვფიქრობ, გიორგი ქობულიამ შვებულების საკითხზე ამომწურავად ისაუბრა. ეკონომიკის სამინისტრო სრულფასოვნად მუშაობს. მეტიც, მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხების უმეტესობა ეკონომიკის სამინისტროს მიერ არის ინიცირებული”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გიორგი ქობულიამ შვებულებასთან დაკავშირებით კომენტარი 29 აგვისტოს გააკეთა. მინისტრის თქმით, მისი თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა, ამის გამო საქმეების ნაწილი დასასრულებელი აქვს.

“რაც მინისტრი გავხდი ნახევარი ვიმუშავე. მაისში რომ მცოდნოდა მინისტრი გავხდებოდი, მაშინ შვებულების საკითხი არ იდგებოდა. თუმცა რადგან მინისტრობის საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა, უკვე ბევრი რაღაც ვეღარ შევცვალე,” – უთხრა ქობულიამ “რუსთავი 2”- ს.

“ნეტგაზეთი” ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურს ვკითხეთ, დანიშვნიდან დღემდე მინისტრმა შვებულებაში რამდენი დღე გაატარა. “ნეტგაზეთი” სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი