ახალი ამბები

რამდენიმესაათიანი კარანტინი ნიუ-იორკის აეროპორტში მშვიდობით დასრულდა

6 სექტემბერი, 2018 • 2422
რამდენიმესაათიანი კარანტინი ნიუ-იორკის აეროპორტში მშვიდობით დასრულდა

მშვიდობიანად დასრულდა რამდენიმესაათიანი კარანტინი ნიუ-ორკის კენედის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანია “ემირატების” თვითმფრინავიდან ყველა მგზავრს ჩასვლის საშუალება მისცეს, 11 მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ემირატების” კუთვნილი უდიდესი სამგზავრო თვითმფრინავი “ეარბას A380″ ნიუ-იორკში 5 სექტემბერს, დილით, დუბაიდან ჩაფრინდა. როგორც გაირკვა, 14-საათიანი ფრენისას ასამდე მგზავრი ცუდად გახდა. მგზავრების ნაწილს ჰქონდა მაღალი სიცხე, ხველა, სისუტე, გულისრევა და მუცლის ტკივილი. თვითმფრინავში სულ 540-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ორსართულიან ავიალაინერს კენედის აეროპორტში ათეულობით სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიციელი და მეხანძრე დახვდა.

ნიუ-იორკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანამშრომლებმა ყველა პირი შემოწმების შემდეგ თვითმფრინავიდან გამოუშვეს, 11 მათგანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილთაგან 3 მგზავრია, დანარჩენი კი ბორტგამცილებელი. ოფიციალური პირების ცნობით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

“ფოქს ნიუსის” ცნობით, ნიუ-იორკის მერის პრესსპიკერმა ერიკ ფილიპსმა თქვა, რომ თვითმფრინავი, რომელიც დუბაიდან ნიუ-იორკისკენ გაფრინდა, გზად მექაში გაჩერდა, სადაც ამჟამად გრიპის ეპიდემია მძვინვარებს.

ერთ-ერთმა მგზავრმა ტვიტერზე დაპოსტა, რომ სპეციალისტებმა ყველა მგზავრს მოსთხოვეს სპეციალური ანკეტის შევსება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ნიუ-იორკის პოლიციის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ისინი ჩართულნი არიან ინციდენტის შესწავლის პროცესში, რაც პირველადი მონაცემებით, სამედიცინო შემთხვევაა. თუ რამ გამოიწვია თვითმფრინავში მყოფთა მასობრივად ცუდად გახდომა, ეს ლაბორატორიული ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი