ახალი ამბები

მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში – შსს-ს კანონპროექტი

5 სექტემბერი, 2018 • 4274
მარიხუანის მოხმარების აკრძალვა ტრანსპორტსა და სხვა ადგილებში – შსს-ს კანონპროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანის მოხმარების რეგულირების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა. უწყების ცნობით, ცვლილებებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე მომზადდა, მთავრობის უახლოეს სხდომაზე წარადგენენ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საჭიროებს მასში ასახული მიდგომების საკანონმდებლო დონეზე რეგულაციას. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის იმ ლეგიტიმურ ინტერესებს, რომელთა დასაცავად მარიხუანის გარკვეულ გარემოებებში მოხმარების შეზღუდვა თავად საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია დასაშვებად. ამასთან, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა აფერხებს ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას და ხელს უწყობს მისი მოხმარების წახალისებას”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცვლილებათა პაკეტის თანახმად, მარიხუანის მოხმარება “მკაცრ სამართლებრიც ჩარჩოებში” მოექცევა. სანქციები ვრცელდება როგორ ცმარიხუანის მოხმარების არეალზე, ისე მის პოპულარიზაციასა და კონკრეტულ პროფესიებზე, რომელთაც მოვალეობის შესრულებისას კანაფის მოხმარება ეკრძალებათ.

“…დაისჯება მარიხუანის მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)”, – აღნიშნავს უწყება.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მართავს ან არასრულწლოვნისთვის მარიხუანის გასაღებას/გადაცემას/მოხმარებაზე დაყოლიებას შეეცდება. კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ, სამოქალაქო უფლებები კი შეეზღუდებათ. პასუხისმგებლობა ვრცელდება ნარკოტიკული საშუალების პოპულარიზაციასა და რეკლამაზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი