ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბამ ბაშარ ასადი აფხაზური ორდენით დააჯილდოვა

5 სექტემბერი, 2018 • 2623
ხაჯიმბამ ბაშარ ასადი აფხაზური ორდენით დააჯილდოვა

სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი პირველი ხარისხის აფხაზური “ახდზ-აპშას” ორდენით დააჯილდოვა.

განკარგულებაში წერია, რომ ასადს “აფხაზეთის რესპუბლიკის სახელწიფო დამოუკიდებლობის აღიარებაში დიდი წვლილისთვის, აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის მშვიდობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის” აჯილდოებენ.

აფხაზური მედიის ცნობით, თავის მხრივ, ბაშარ ასადმა რაულ ხაჯიმბა უმაღლესი სირიული ორდენით დააჯილდოვა.

აფხაზური დელეგაცია პრეზიდენტ ხაჯიმბას ხელმძღვანელობით სირიის არაბულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს რაულ ხაჯიმბა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა.


სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 29 მაისს გამოაცხადა.

სირიის მიერ აღიარების ფაქტს დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო წყვეტს სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს.

რუსეთი სირიის მთავრობის უმთავრესი საგარეო მოკავშირეა. მოსკოვმა ქვეყნის ტერიტორიაზე ავიადარტყმების განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ კამპანიის მთავარი მიზანი ISIS-ის შესუსტება იყო, თუმცა აშშ-ის ოფიციალურ პირებს მოსკოვი არაერთგზის დაუდანაშაულებიათ სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედებაში. რუსეთი კი, თავის მხრივ, აშშ-ს სპელკულაციებში ადანაშაულებდა. სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას ვითარება ასადის ხელისუფლების სასარგებლოდ, არაერთ შემთხვევაში, სწორედ რუსეთის ჩარევით შეიცვალა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სირიის გარდა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი