ახალი ამბები

რა (არ) უთქვამს კიანუ რივზს

5 სექტემბერი, 2018 • 17941
რა (არ) უთქვამს კიანუ რივზს

ცნობილი ადამიანების სახელით არაერთგზის ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის მიმართვები, რომლებიც სინამდვილეში, მათ არ ეკუთვნით. ასეთი ფრაზების ვირუსულად გავრცელებისთვის ხშირად მხოლოდ კონკრეტული ცნობადი სახის ფოტო და მასზე დართული ტექსტია საკმარისი. ასე მოხდა მსახიობ კიანუ რივზის შემთხვევაში.

ინფორმაციის გადამოწმებაზე მომუშავე ვებგვერდების, Politifact-სა და Snope-ს ცნობით, ყველაზე გავრცელებული მიმართვა, რომელსაც კიანუ რივზს მიაწერენ, თავდაპირველად, მისი ფანების მიერ შექმნილ ფეისბუქ გვერდზე განთავსდა. ტექსტი, რომელშიც რივზი თითქოს უკმაყოფილებას გამოთქვამს მთელ რიგ საკითხებზე, ქართულად არაერთხელ თარგმნეს, ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ასეთია:

„მძულს სამყარო, სადაც მამაკაცები საკუთარ ცოლებს ისე აცმევენ, როგორც მეძავებს და აძლევენ უფლებას ურცხვად გამოაჩინონ სხეული. სამყარო, სადაც ქალებს არ უნდათ ბავშვები, მამაკაცებს კი – ოჯახი. სამყარო, სადაც მამების მანქანებზე მომჯდარ ლაწირაკებს საკუთარი თავი ყველაზე წარმატებული ჰგონიათ, ისინი კი, ვისაც თუნდაც სულ მცირე ძალაუფლება აქვთ, ყველანაირად ცდილობენ, გაგრძნობინონ თავი არარაობად. სამყარო, სადაც ადამიანები ალკოჰოლით სავსე ჭიქით აცხადებენ, რომ ღმერთის სწამთ და სინამდვილეში წარმოდგენა არ აქვთ არც რწმენაზე, არც საკუთარ რელიგიაზე. სამყარო, სადაც ზრდილობა სირცხვილად ითვლება, რიდი კი – ნაკლად. სამყარო, სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული და მხოლოდ ქორწინების საუკეთესო ვარიანტს ეძებენ. სამყარო, სადაც ახალგაზრდა მამაკაცები ღამის კლუბებში უგემოვნო მუსიკის ფონზე იგრიხებიან, ფლანგავენ მშობლების ფულს, ქალებისთვის კი მხოლოდ საკუთარი ჯიბით ხდებიან საინტერესოები. სამყარო, სადაც შეუძლებელია გაარჩიო ერთმანეთისგან, რა არის ქალის, რა მამაკაცის და ამას თავისუფალი არჩევანი ჰქვია. ის კი, ვისაც საკუთარი არჩევანი აქვს, აუცილებლად სხვა დესპოტებისგან იქნება გაკიცხული. მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მიღება! მე საკუთარი არჩევანი მაქვს!“ – კიანუ რივზი

„ციტატა“ ინტერნეტ-სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. მოიარა სხვადასხვა ფეისბუქგვერდი და ინტერნეტსაიტი, ითარგმნა რამდენიმე ენაზე, მომზადდა რუსულენოვანი ვიდეოები, სადაც რივზის გამოსახულების ფონზე „თარჯიმნები“ მოცემულ ტექსტს კითხულობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი სულ სხვა თემაზე ლაპარაკობს. რივზის მიერ არასდროს თქმული სიტყვები ინგლისურ-პაკისტანურ გაზეთშიც კი მოხვდა.

ამ კუთხით გამონაკლისი არც ქართული ინტერნეტსივრცეა. ფეისბუქ გვერდები თუ პროფილები კიანუ რივზის სახელით შეთხზული ტექსტის ქართულ თარგმანს რამდენიმე წელია ავრცელებენ. მასალებს ასობით მოწონება, გაზიარება და კომენტარი ახლავს თან.

ფეისბუქგვერდს, რომელმაც ტექსტი თავდაპირველად გაავრცელა, აღწერის გრაფაში მითითებული ჰქონდა, რომ გვერდით კიანუ რივზი სარგებლობდა და პოსტებსაც ის წერდა. Politifact ამ ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა და მსახიობის პუბლიცისტს, შერილ მეზელს დაუკავშირდა. საპასუხოდ მეზელმა განაცხადა, რომ კიანუ რივზი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს.

„ეს ფეისბუქგვერდიც ყალბია“, – მისწერა მან Politifact-ს.

ინფორმაციის გადამოწმების პროცესში ვერ მოიძებნა ვერცერთი ინტერვიუ ან სხვა სახის მასალა, რომელიც მოცემულ მონოლოგს შეიცავდა. შესაბამისად, მარტივად დადგინდა, რომ ათასგზის ტირაჟირებული ფრაზები კიანუ რივზს არასოდეს უთქვამს.

სანამ ეს და რივზის სახელით გავრცელებული სხვა “ციტატები” ინტერნეტში სწრაფად ვრცელდება, პროცესი სულ უფრო კომიკურ სახეს იღებს. მაგალითად, ფეისბუქის მომხმარებლები რამდენიმე დღეა ერთ-ერთი გვერდის მიერ გავრცელებულ ტექსტზე ხუმრობენ, რომლითაც  მსახიობი საქართველოს მოსახლეობას “სულის სიწმინდის” დაცვისკენ მოუწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი