ახალი ამბები

პოლიციელს, რომელმაც პარტნიორი ქალი დაჭრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა, 17 წელი მიუსაჯეს

5 სექტემბერი, 2018 • 1779
პოლიციელს, რომელმაც პარტნიორი ქალი დაჭრა და მისი ყოფილი ქმარი მოკლა, 17 წელი მიუსაჯეს

პოლიციელი, რომელიც ბრალდებული იყო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ძალადობაში, სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, ასევე,  განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენაში, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების ვერსიით, მსჯავრდებული ა.ჯ. 2017 წლის იანვრიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.ბ-სთან, რა დროსაც გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სისტემატურად ძალადობდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა  და ამცირებდა მას:

“სისტემატიურად კეტავდა სახლში, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე   მოკვლით ემუქრებოდა.  2018 წლის აპრილში, ე.ბ-ს მოთხოვნაზე დაშორებულიყვნენ, ა.ჯ-მ განუცხადა, რომ იგი მისი საკუთრება იყო და როგორც ქალს  წინააღმდეგობის გაწევის უფლება არ ჰქონდა. მუქარის და ფსიქოლოგიური ტერორის გამო ე.ბ. იძულებული იყო  მის ნებას დაჰყოლოდა”, – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ვერსიით, რომელიც სასამართლომაც გაიზიარა,  2018 წლის 31 მაისს მსჯავრდებულმა ა.ჯ-მ  მის პარტნიორს, ე.ბ-ს, მისსავე საცხოვრებელ სახლში მცირეწლოვანი  შვილის თანდასწრებით, ეჭვიანობის ნიადაგზე განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიაყენა ჭრილობა, ხოლო ე.ბ-ს ყოფილ მეუღლეს მ.გ-ს სამჯერ ესროლა. სროლის შედეგად ე.ბ-მ სიცოცხლისთვის სახიფათო გამჭოლი ჭრილობა მიიღო, ხოლო მ.გ. მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის პროკურატურამ ა.ჯ. 2018 წლის 31 მაისს დააკავა და ბრალი რამდენიმე მუხლით წარუდგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი