ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში “რევოლუცია” გრძელდება?

5 სექტემბერი, 2018 • 5805
სომხეთში “რევოლუცია” გრძელდება?

ფაშინიანის 100 დღე: რა მოხდა და არ მოხდა?

17 აგვისტოს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე ხალხმრავლობა იყო. პოლიციამ განაცხადა, რომ აქციაში 120-150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ფაშინიანმა მიტინგს ყველაზე ხალხმრავალი უწოდა, იმაზე უფრო ხალხმრავალი, ვიდრე რევოლუციის დღეებში. ფაშინიანის ბევრი მხარდამჭერი ხუმრობდა კიდეც, რომ პირველად მიდის პროსახელისუფლებო მიტინგზე.

17 აგვისტოს მიტინგი; ფოტო: ნარეკ ალექსანიანი/ნეტგაზეთი

ფორმალურად მიტინგი იმისთვის დაინიშნა, რომ ახალ ხელისუფლებას 100 დღეში საკუთარი საქმიანობის შედეგები წარმოედგინა.

თუმცა გასაგები იყო, რომ მიღწევების შესახებ ანგარიში მხოლოდ საბაბი იყო. მიტინგი პირველ რიგში იმისთვის მიიწვიეს, ფაშინიანსა და მის გუნდს ეჩვენებინა, რომ მათი სახალხო მხარდაჭერა მიმდინარე წლის აპრილ-მაისთან შედარებით არ შემცირებულა.

ეს კი საჭირო გახდა იმისთვის, რომ ბოლო დროს ახალი ხელისუფლება ძველი ელიტების წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა, რაც გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკაზეც ახდენს გავლენას, კერძოდ, სომხურ-რუსულ ურთიერთობებზე.

პირველ რიგში, ფაშინიანის კაბინეტის საქმიანობის შედეგებით უნდა დავიწყოთ. და არ დავივიწყოთ ის საფრთხეები, რომელთა თავიდან აცილებაც მან შეძლო. ჯერ კიდევ მაისში ბევრი, მათ შორის ფაშინიანის მოწინააღმდეთა რიგებშიც და სრულიად ნეიტრალურ დამკვირვებლებშიც, იმ საფრთხეების შესახებ გამოთქვამდა შიშებს, რაც “რევოლუციურ სომხეთს” უნდა მოჰყოლოდა.

არსებობდა ეკონომიკური კოლაფსის, კაპიტალის გადინების, უმუშევრობის ზრდის, შიდაპოლიტიკური არასტაბილურობის, სახელმწიფო აპარატის დაშლის  საფრთხეები.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც წინა ხელისუფლების მხარდამჭერები რუსეთთან ურთიერთობებში გარდაუვალ კრიზისს წინასწარმეტყველებდნენ, ასევე, მთიან-ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ, მსგავსი შიშები მთლად უსაფუძვლოც არ ყოფილა.

ამის მიუხედავად, ზემოთ ჩამოთვლილთაგან დიდწილად არაფერი მომხდარა. რთულია თქვა, რამდენად იყო ეს საფრთხეები აცილებული ახალი ხელისუფლების სწორი მიდგომების წყალობით, ან რამდენად დაეხმარა მათგან დამოუკიდებელი კონიუქტურა. თუმცა ეკონომიკური ვარდნა, რომლითაც აშინებდნენ სომხეთის მოსახლეობას, არ ყოფილა. ეკონომიკური აქტიურობის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალი დარჩა. სომხურმა ვალუტამ, დრამმა რევოლუციის დროს და მის შემდეგ პერიოდშიც საკმაოდ მოულოდნელი სტაბილურობა აჩვენა: მხოლოდ უმნიშვნელო რყევებს ჰქონდა ადგილი, რასაც ვერ იტყვი სომხეთის მეზობელ ქვეყნებზე.

კიდევ ერთი, თუმცა, არაპირდაპირი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი – მიგრაციის მაჩვენებელია, რომელიც რევოლუციამდე ნეგატიური იყო: იმაზე მეტმა დატოვა სომხეთი, ვიდრე დაბრუნდა.

ავიამგზავრთა ნაკადის სალდომ 2018 წლის მაისში-ივნისში +27.6 ადამიანი შეადგინა. რა თქმა უნდა, მიგრაციის სურათის მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასება მხოლოდ წლის ბოლოს შეიძლება, თუმცა იგივე ციფრებიც უკვე იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს.

                                              [red_box] კორუფცია – მთავარი მტერი[/red_box]

ხელისუფლებამ კატასტროფული სცენარები თავიდან კი აირიდა, მაგრამ გასაგებია, რომ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რევოლუციასთან დაკავშირებული მოლოდინები რომ გაამართლოს.

რევოლუციის შემდეგი დღეების ეიფორიამ ძირითადად ჩაიარა. მართალია, როგორც ჩანს, რევოლუციურ ხელისუფლებას, პირველ რიგში კი მის ლიდერ ფაშინიანს მაღალი რეიტინგი აქვს, რომელთან შედარებაც ქვეყანაში არცერთი პოლიტიკური ლიდერის რეიტინგის არ შეიძლება, მაგრამ ამ რეიტინგის კვება მუდმივად უნდა ხდებოდეს კონკრეტული მიღწევებით. ამ კუთხით ახალი ხელისუფლების მთავარი “ნიშა” კორუფციასთან ბრძოლა გახდა.

ჩვენ უკვე ვწერდით გახმაურებულ საქმეებზე, ისეთებზე, როგორიცაა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე და გენერალი, მანველ გრიგორიანი ანდა სერ სარგსიანის დაცვის ყოფილ უფროსი ვაჩე ღაზარიანი. ეს მხოლოდ და მხოლოდ გახმაურებული საქმეები იყო, სხვადასხვა მასშტაბის მხილებები დღეს უკვე პრაქტიკულად რუტინა გახდა.

მართალია, ამ საქმეების უმრავლესობა ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი არ არის, მეტიც, ბევრი ფიგურანტი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა, მთლიანობაში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ ბევრ რამეში შეძლო კისერი მოეგრიხა იმ კორუფციული მანქანისთვის, რომელიც ათწლეულობით იქმნებოდა სომხეთში.

თუკი სტატისტიკას დავუჯერებთ, კორუფციასთან ბრძოლა საბიუჯეტო შემოსავლებზეც აისახა: მიმდინარე წლის შვიდ თვეში სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტმა 220 მილიონი აშშ დოლარით მეტი შეაგროვა, ვიდრე წინა წელს, რაც სავარაუდოდ, დაკავშირებულია “ჩრდილოვანი ეკონომიკის” შემცირებასთან. შემცირდა სხვადასხვა საეჭვო სახის სახელმწიფო დანახარჯები [მაგალითად, საბიუჯეტო უნივერსიტეტებიდან გადარიცხვა “ახალგაზრდულ ფონდში”, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტია აკონტროლებდა] და ამის ხარჯზე უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასები.

სხვა საქმეა, რომ მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლა არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ამისთვის ინვესტიციებიცაა საჭირო და ბევრი პოტენციური ინვესტორი ელოდება, რომ სომხეთში სიტუაცია საბოლოოდ დალაგდება.

ამ კუთხით უფრო რთულად აქვს საქმე ფაშიანიანის ხელისუფლებას, ვიდრე თავის დროზე საქართველოს რევოლუციურ ხელისუფლებას ჰქონდა: იმ ფინანსური მოცულობის მიღების პრეტენზია დასავლეთიდან, რომელიც მაშინ თბილისმა რეფორმებისთვის მიიღო, სომხეთს ვერ ექნება. რეფორმების გასატარებლადმ სგავსი დახმარების იმედი “ევრაზიული სტრუქტურებიდან” კი არ უნდა ჰქონდეს სომხეთს.

ახალი ხელისუფლება ცდილობს დიასპორიდან ინვესტიციების მოზიდვას, ამ მიზნისთვის იგეგმება ჩაეშვას სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა, ასევე, პროგრამა “დიასპორის” ბონდები, რომლის მიზანიცაა დიასპორის მიერ გადმორიცხული ფულის გადასროლა ბიზნეს-პროექტების ქველმოქმედებაში. მთლიანობაში, ინვესტიციების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ბევრი ინვესტორი დაპირებულ ეკონომიკურ რეფორმას და პარლამენტში არჩევნების შედეგებს ელოდება, რომლის თარიღიც ჯერ არ არის განსაზღვრული.

ზოგადად, თუკი ვისაუბრებთ რევოლუციის მიღწევებზე, ზოგიერთი მათაგანი რთულია ციფრებში გაიზომოს.

მაგალითად, ერთ-ერთი ძირითადი ცვლილება შეეხო საზოგადოებისა და ხელისუფლების კომუნიკაციის მოდელს. ახალი ხელისუფლება არა მხოლოდ ბევრად ღია გახდა მედიისთვის, პირდაპირ ესაუბრება საზოგადოებას რეგიონებში ვიზიტებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების ან სოციალური ქსელების საშუალებით.  თუ რამდენად “ახლოსაა ხალხთან” ახალი ხელისუფლება, ამაში გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც ჰქონდა საშუალება დარწმუნებულიყო ერევანში ვიზიტის დროს.

ახალი ამბები მოიცვა მერკელის ერევნის ცენტრში გასეირნების კადრებმაც, სადაც გერმანიის კანცლერთან ათეულობით გამვლელი მიდიოდა და მასთან ერთად ფოტოს გადაღებას სთხოვდა. ფაშინიანი ერთ მოქალაქესაც დაეხმარა და საკუთარი ტელეფონით გადაუღო ფოტო.

რა თქმა უნდა, აქვე ჩნდება კითხვა: რამდენად დიდხანს შენარჩუნდება ახალი ხელისუფლების მსგავსი სიახლოვე ხალხთან და მიიღებს თუ არა ელიტისა და საზოგადოების ურთიერთობის ახალი მოდელი ინსტიტუციონალურ გამოხატულებას?

17 აგვისტოს მიტინგის დროს ფაშინიანი საუბრობდა იმის შესახებ, რომ განზრახული აქვს კონსტიტუციით გაამყაროს “პირდაპირი დემოკრატია”, კონკრეტულად კი, გააფართოოს რეფერენდუმის ინსტრუმენტის გამოყენება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთოეროვნულ დონეზე, თუმცა ჯერ გაუგებარია, როგორ ფორმას მიიღებს ეს ცვლილებები.

კრიტიკოსები ფაშინიანს ბრალს სდებენ პოპულიზმში და ეჭვი აქვთ, რომ “პირდაპირი დემოკრატიის” შესახებ სიტყვები  პოლიტიკური პროცესის ერთპიროვნულად კონტროლის შესანიღბადაა ნათქვამი.

თუმცა “პირდაპირი დემოკრატიის” თემა ერთ-ერთი იყო, რომელიც ჯერ კიდევ რევოლუვიის დროს ბევრი საზოგადო მოღვაწისა და აქტივისტის მიერ იხილებოდა.  

ამასთან, ხელისუფლებისა და საზოგადოების მრავლწლიანი გაუცხოების შემდეგ, საზოგადოებაში დიდია მოთხოვნა “ხალხის ხელისუფლებაზე”, რომელსაც ფაშინიანი აყალიბებს.

      [blue_box]ქოჩარიანის კაზუსი: კონტრევოლუციას არ სძინავს?[/blue_box]

გარდა იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საკუთარი პროგრამის რეალიზებას ახორციელებს, ძველი ელიტების წინააღმდეგობა ძლიერდება. შიდაპოლიტიკური ვითარება გამწვავდა ყოფილ პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანთან დაკავშირებით მოვლენების შედეგად. ქოჩარიანს სომხეთში ბევრი აკისრებს პასუხისმგებლობას 2008 წლის 1 მარტის მოვლენებზე. სამშვიდობო დემონsტრაციის სასტიკის დარბევის შედეგად დემონსტრანტებსა და ძალოვანებს შორის 10 ადამიანი [8 სამოქალაქო პირი და 2 პოლიციელი]  დაიღუპა, ასობით დაშავდა და დააპატიმრეს.

პოსტსაბჭოთა სომხეთის მთელ ისტორიაში ეს არის შიდაპოლიტიკური ბრძოლის ყველაზე სისხლიანი პერიოდი, თუკი არ ჩავთვლით 1999 წლის 27 ოქტომბრის ტერორისტულ აქტს. თუმცა, თუ 27 ოქტომბრის საქმეში სასამართლო გადაწყვეტილებებია და მკვლელებს სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, 1 მარტის საქმე ღია დარჩა.

2008–2009 წლებში ხელისუფლება დევნიდა მოვლენების ოპოზიციონერ მონაწილეებს, მათ შორის, ნიკოლ ფაშინიანს “მასობრივი არეულობების ორგანიზაციისთვის”. მაგრამ, ამავე დროს, არ იყო გარკვეული, რა გარემოებებში გაიცა ბრძანება ძალის გამოყენების შესახებ, რამდენად იყო ის დასაბუთებული, ვინ მოკლა და დაჭრა სამოქალაქო პირები და ა.შ.

სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის განმავლობაში აშკარა იყო, რომ “ძველი რეჟიმის” დროს შანსი მსგავს გამოძიებაზე არ არსებობდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ქოჩარიანი, ასევე სხვა მაღალჩინოსანი ფიგურანტები, 1 მარტის საქმეზე ბრალდებულის სტატუსით აღმოჩნდნენ.

სისხლის სამართლის აღნიშნული საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით აღარ განვიხილავ, იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ რიგი მაღალჩინოსნების მიმართ აღიძრა საქმეები სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მუხლით.

ძირითადი მტკიცებულება, როგორც ჩანს, ეს არის ე.წ. ბრძანება N 0038, რომელიც, როგორც ბრალდება მიიჩნევს, ამტკიცებს ქოჩარიანის დავალებით არმიის ჩარევას შიდაპოლიტიკურ პროცესებში, რაც კონსტიტუციით აკრძალულია. სწორედ ამ საფუძვლით ბრალდება მიიჩნევს, რომ ქოჩარიანის და მისი თანამებრძოლების ქმედება 2008 წლის თებერვალ-მარტში ჯდება განმარტებაში “საკონსტიტუციო წყობის დამხობა”.

1 მარტის საქმე ჩინოვნიკებზე დაწყებულ საქმეებს შორის უპრეცედენტოა: ეჭვმიტანილებს შორის არა მხოლოდ პირველი პრეზიდენტი ქოჩარიანია, ასევე, ერევნის გარნიზონის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი, რომელიც ОДКБ-ის გენერალური მდვინის პოსტს იკავებს. ქოჩარიანი და ხაჩატუროვი დაბარებული იყვნენ დაკითხვაზე, ისინი დააკავეს, თუმცა შემდეგ სასამართლომ გაათავისუფლა. თუ სასამართლომ ხაჩატუროვი გირაოთი გაათავისუფლა, ქოჩარიანის გათავისუფლების საფუძვლად მისი ხელშეუხებლობა დაასახელა, როგორც ქვეყნის მმართველის, რითაც სერიოზული იურიდიული კაზუსი შექმნა.

გადაწყვეტილების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ სომხეთის კონსტიტუციით სახელმწიფოს ხელმძღვანელს არ შეუძლია პასუხისმგებელი იყოს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ქმედებებზე. რაშიც ქოჩარიანს ბრალი ედება, ეს ამ განსაზღვრებას არ შეესაბამება.

სომხეთში ბევრი ეჭვობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმითაა დასაბუთებული, რომ საქმის მოსამართლე წლების წინ ქოჩარიანის ადმინისტრაციაში მუშაობდა, მოგვიანებით კი გადაწყვეტილებებს 1 მარტის საქმეებზე ოპოზიციონერთა წინააღმდეგ იღებდა. შესაბამისად, მისი ობიექტურობა ეჭვქვეშ დგება.

გავრცელდა ასევე სხვადასხვა თეორია იმის შესახებ, თუ ვინ დაურეკა მოსამართლეს, დაწყებული იქიდან, რომ თითქოს ყველაფერი თავად ფაშინიანის მიერ იყო მოწყობილი, რათა დაემტკიცებინა, რომ ქოჩარიანის დევნას არ აქვს პოლიტიკური ხასიათი. ის თეორიაც იხილებოდა,  რომ თითქოს მოსამართლეს მოსკოვიდან დაურეკეს. ბოლო თეორია ნაკლებდამაჯერებელია, თუმცა ალბათ იმიტომ ჩამოყალიბდა, რომ ქოჩარიანისა და ხაჩატუროვის საქმეზე, პრაქტიკულად რევოლუციის შემდეგ პირველად, მოსკოვმა ღიად გამოხატა სომხეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ უკმაყოფილება.

რაც არ უნდა იდგეს ქოჩარიანის ჯერ დაკავების, შემდეგ კი გათავისუფლების უკან, ამ მოვლენებმა სომხეთში პოლიტიკური ბრძოლა ხელახლა გაამწვავა.

ქოჩარიანის დაკავებამ ის ფაქტიურად საჯარო პოლიტიკის ფიგურად აქცია და წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ დაცალკევებულ ჯგუფებს ახალი ფიგურის გარშემო გაერთიანების საბაბი მისცა.

თუმცა ქოჩარიანი არ არის პოპულარული საზოგადოების ფართო ფენებში, ძველი ხელისუფლებიდან ბევრი მას ისეთ ლიდერად აღიქვამს, რომელიც სასტიკ ნაბიჯებზეა წამსვლელი, განსხვავებით ერთი შეხედვით “რბილი” სერჟ სარგსიანისგან.

ამასთან, ქოჩარიანი ფინანსურ რესურსებსაც ფლობს: მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მისი პრეზიდენტობის დროს მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა, რომელიც პოლიტიკურ და მედიარესურსებში შეიძლება დაკონვერტირდეს.

ქოჩარიანს ასევე აქვს ძველი კავშირები ორ პარტიასთან, რომელიც მმართველ კოალიციაში შედიან, დაშნაკციუტუნი და გაგიკ წარუკიანის აღორძინებული სომხეთი. დაშნაკებს ქოჩარიანის საქმეზე კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ, თქვეს, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი აქვს. წარუკიანის პარტია ჯერ დუმს, მაგრამ აშკარაა, რომ აქაც შეიძლება იყოს სიურპრიზები. ასე რომ, ქოჩარიანს ჯერ კიდევ შეუძლია ახალი ხელისუფლებისთვის საფრთხის შექმნა.

სწორედ ამიტომ, 17 აგვისტოს მიტინგი ფაშინიანისთვის არა მხოლოდ პირველი 100 დღის ანგარიშის ჩაბარების შესაძლებლობა, არამედ ძალის დემონსტრაციაც იყო.

მით უმეტეს, მიტინგზე არა მხოლოდ ერევნის მოსახლეობა იყო, ათასობით ადამიანი ჩამოვიდა მთელი სომხეთიდან, ასევე შეურთდნენ აქციას მთიანი-ყარაბაღიდან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ძველ ხელისუფლებას ხშირად უწოდებდნენ “ყარაბაღის კლანს”.

სახალხო მხარდაჭერის დემონსტრაციამ დიდებულად ჩაიარა, თუმცა ეს მხარდაჭერა რეალურ ხმებად უნდა გადაიქცეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.

საპარლამენტო არჩევნების თარიღი ჯერ არ არის დანიშნული, სავარაუდოდ, ის შემდეგი წლის გაზაფხულზე დაინიშნება, თუმცა არ არის გამორიცხული – უფრო ადრეც.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია ერევნის უხუცესთა საბჭოში არჩევნების “გენერალური რეპეტიციის” თარიღი – 23 სექტემბერი. არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია არ მონაწილეობს, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ ნებისმიერი შედეგი იმაზე ნაკლები იქნება, ვიდრე ეს წინა არჩევნების დროს იყო ხოლმე. ამის მიუხედავად, ფაშინიანის პარტიამაც უნდა მოინდომოს. მისი მერობის კანდიდატმა, ცნობილი მსახიობმა -კომიკოსმა ჰაიკ მარუტიანმა კიდევ უნდა მოიპოვოს ამომრჩევლის ნდობა და დაამტკიცოს, რომ პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობა არ შეუშლის მას ხელს, კარგი მერი გახდეს.

მისი მხარდამჭერები ხუმრობენ, რომ თუ თბილისის მერი ფეხბურთელია, რატომ ვერ იქნება ერევნის მერი მსახიობი?!

ფაშინიანის მოკავშირეები კოალიციური ხელსიუფლებიდან ცალკე მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებზე. სავარაუდოდ, არჩევნების შედეგები მათთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, თუ როგორ წავიდნენ საერთო-ეროვნულ არჩევნებზე- ფაშინიანთან ერთად, თუ მისი ოპიზიციის გზით. ასე რომ, ერევნის მერის არჩევნები სერიოზული გარდამტეხი მომენტი იქნება პოსტრევოლუციურ სომხეთში და ბევრ კითხვას პასუხს გასცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი