ახალი ამბები

ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სადღობელაშვილი თანაგუნდელებს განუდგა

5 სექტემბერი, 2018 • 5988
ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სადღობელაშვილი თანაგუნდელებს განუდგა

ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, ლადო სადღობელაშვილი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ირაკლი დოლენჯაშვილთან ერთად „ქართულ მარშს“ ტოვებს.

სადღობელაშვილმა გუშინ, 4 სექტემბრის საღამოს, ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს ნაბიჯი გადადგეს “პირადი თუ პოლიტიკური” შეხედულებების გამო. სატელეფონო საუბარში მან ნეტგაზეთს უთხრა, რომ „მარში“ კიდევ რამდენიმე რიგითმა წევრმა დატოვა, თუმცა მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.

მან პროვოკაცია უწოდა მარშის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს 9 სექტემბერს იგეგმება გეი აღლუმი დინამოს სტადიონზე. ამ დღეს, უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ვიცეკაპიტნის, უეფას ტოლერანტობის ჯილდოს მფლობელის, გურამ კაშიასთვის სოლიდარობის გამოსახატად მივლენ გულშემატკივრები. 

[წაიკითხეთ ნეტგაზეთზე: არარსებული “გეი აღლუმი” და ყალბი ინფორმაცია ჰომოფობიის სამსახურში]

“მავანნი შეგნებულად ცდილობენ, მას [9 სექტემბრის თამაშს] ჩირქი მოსცხონ და მსოფლიო არენაზე ქვეყანას შეუბღალონ  ისტორიული სახელი, ტოლერანტობის და ოდითგანვე თავისუფლებისათვის ლტოლვის ავტორიტეტი მარგინალურად გააცამტვერონ”.

სადღობელაშვილმა დასძინა, რომ “ვაი-პატრიოტები რელიგიის სახელით ძალადობისკენ უბიძგებენ” ხალხს: “მოვუწოდებთ ყველას, არ წამოეგონ აღნიშნულ მარაზმს, რაც საქართველოში მიზანმიმართულ  არეულობას ისახავს”. 9 სექტემბერი “საქართველოს სპორტულ ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად” შეაფასა ფეისბუკის პოსტში, ნეტგაზეთთან საუბრისას კი დააზუსტა, რომ “ღირებულებების ერთგული რჩება”:

“მესმის, ერთხელ გააპროტესტო, მაგრამ ყოველ წამს გაუგებარია ერთი თემის გარშემო ტრიალი. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ [მათთვის] სხვა აქტუალური თემები არ არსებობს ქვეყანაში”, – გვითხრა მარშის უკვე ყოფილმა წევრმა. მისივე პოსტით, “სინამდვილეში მართმადიდებელობა შემწყნარებლობას და სიყვარულს ქადაგებს”.

სადღობელაშვილი გასულ მარტში პოლიციამ დააკავა „რუსთავი 2“-თან მომხდარი ინციდენტის გამო – მან ჯგუფის სხვა წევრ-მხარდამჭერებთან ერთად რ2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მანქანას ალყა შემოარტყა და გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცა. იგი ხშირად მონაწილეობს ხოლმე აქციებში, რომლებიც საქართველოში უცხოელი მიგრანტების შემოსვლის წინააღმდე, ან ჰომოფობიური მოტივით იმართება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა „ქართული მარშის“ ლიდერს, სანდრო ბრეგაძეს, ჯგუფის პოზიციის მოსასმენად, თუმცა ბრეგაძემ კომენტარზე უარი გვითხრა ჰომოფობიური ტექსტით: “კომენტარს ვერ მოგცემთ, რადგან არაობიექტურად აშუქებთ ჩვენს პოზიციებს და “ჰომოსექსუალობის” დამცველები ხართ””.

ბრეგაძე “ქართული ოცნების” მთავრობაში მოსვლის შემდეგ დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2017 წლიდან კი „ქართული მარშს“ – ანტილიბერალური, ნეონაცისტური ძალების გაერთიანებას უდგას სათავეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი