ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მერკელის ინტერესი აზერბაიჯანული გაზისადმი და ფაშინიანის 100 დღე

7 სექტემბერი, 2018 • 2456
მერკელის ინტერესი აზერბაიჯანული გაზისადმი და ფაშინიანის 100 დღე

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ძირითადად  მოექცა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტის კონტექსტში. საერთაშორისო გამოცემები საუბრობდნენ მერკელის კავკასიური ტურნეს შესაძლო წინაპირობებსა და ზოგიერთ შემთხვევაში, არცთუ მკაფიო შედეგებზე. არაერთმა მედიასაშუალებამ მასალები აგვისტოს ომის 10 წლისთავს მიუძღვნა, რეგიონზე ორიენტირებულმა გამოცემებმა კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის 100 დღე შეაჯამეს.

მერკელის ტურნე – გაზი, ოკუპაცია და მშვიდობა

“როიტერმა” განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიის კანცლერის ვიზიტის ბოლო გაჩერებაზე – ბაქოზე . სააგენტოს ცნობით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გერმანია რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა, მერკელი ალტერნატიულ წყაროს ეძებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, კერძოდ, აზერბაიჯანში.

მოსკოვზე დამოკიდებულების შესამცირებლად ალტერნატიული პროექტი უკვე არსებობს – სამხრეთის გაზის კორიდორი, რომელიც კასპიის ზღვიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებამდე იქნება გადაჭიმული. მილსადენი ევროპის ქვეყნებსაც გაივლის და  ამჟამინდელი, არცთუ სასურველი მიმწოდებლის ერთგვარი ალტერნატივა იქნება.

“ჩვენ სამხრეთის კორიდორის” განვითარების დიდი ინტერესი გვაქვს. ეს ევროპის სტრატეგიის ნაწილია, მიიღოს გაზი სხვა რეგიონებისგან და არამხოლოდ რუსეთისგან”, – უთხრა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა “როიტერს”.

ავტორის შეფასებით, ვიზიტი გამოხატავს მერკელის სურვილს, მოიძიოს ალტერნატიული წყაროები მაშინაც, როცა მისი ყურადღების ცენტრში რჩება რუსული “ნორდ სტრიმის” პროექტი – გაზსადენი, რომლითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიას უნდა მიეწოდოს. აღნიშნულში კი მეტად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის როლი იმ ფონზე, როცა ბაქო “შაჰ-დენიზის” გაზსადენის მეორე ეტაპისთვის ემზადება. გაზსადენმა 2020 წლიდან 16 მლნ კუბური მეტრი გაზი უნდა გამოიმუშაოს, შემდეგი განაწილებით: 10 კუბური მეტრი ევროპას, 6 კი – საქართველოსა და თურქეთს.

ბაქოში პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას მერკელმა ენერგობაზრის გარდა აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების პერსპექტივებზე ისაუბრა.

მერკელის ტურნეს კონტექტსში, გამოცემა Eurasianet-მა მისი საქართველოში ვიზიტი მიმოიხილა და გაცრუებულ მოლოდინებზე ისაუბრა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართველები იმედგაცრუებული დატოვა მერკელის კომენტარებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შესაძლებლობებსა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანა ალიანსის წევრი მალე ვერ გახდება და ოკუპირებული ტერიტორიების პირობებში სწრაფ ინტეგრაციაზე საუბარი ვერ შედგება.

“განცხადებები სენსიტიური აღმოჩნდა საქართველოში, სადაც ნატოს წევრობა რუსული ჩაგვრისაგან გაქცევის გზად ესახებათ”, – წერს ავტორი და ატლანტიკური საბჭოს წევრის, დავით სიხარულიძის “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ კომენტარს იშველიებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნისთვის ნატოში ინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი არ უნდა იყოს.

“როცა გერმანია ნატოს წევრი გახდა, მისი მესამედი საბჭოთა კავშირს ჰქონდა ოკუპირებული”, – აცხადებს სიხარულიძე.

თუმცა Eurasianet იმასაც აღნიშნავს, რომ ვიზიტის შეფასებისას საქართველოში ქვეყნის ხელისუფლება უფრო მეტად გააკრიტიკეს, ვიდრე მერკელი. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, თბილისი საკმარისად არ აქტიურობს გერმანიის მხარდაჭერის განსამტკიცებლად.

მერკელის სტუმრობის დეტალებზე საუბრისას, გერმანული Deutche Welle საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების საკითხს შეეხო. სტატიის ავტორი მერკელის განცხადებას ეყრდნობა, რომ შენგენის ზონაში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შემდეგ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა იმატა.

“გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადების შესახებ ქართველი თავშესაფრის მაძიებლებისთვის გერმანიაში ლტოლვილად დარჩენას გაართულებს. ასევე, გამარტივდება მათი უკან გაბრუნება, ვისაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა”, – ვკითხულობთ სტატიაში.

Deutche Welle ასევე აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში პირველი ვიზიტისას მერკელმა ქვეყნის მიმართ რუსეთის ქმედებები გააკრიტიკა.

საქართველოს შემდეგ მერკელი ერევანს ესტუმრა, სადაც ახლად დანიშნულ პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. Reuters-ის ცნობით, 1915 წლის სომეხთა გენოციდის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ კანცლერმა აღნიშნა, რომ სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს გერმანიის ბუნდესტაგმა საუკუნის წინ ოსმალეთის იმპერიაში განვითარებული მოვლენები გენოციდად შეაფასა, სომხეთში ვიზიტისას მერკელი ამ ტერმინის გამოყენებას მოერიდა.

“რუსეთის მიერ აღიარებიდან 10 წლის შემდეგ ცხინვალში ზუსტად არ იციან, რა არის საზეიმო”

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავზე საერთაშორისო მედიამ დეკადის წინ მომხდარი კონფლიქტი და მისი შედეგები კიდევ ერთხელ მიმოიხილა. Eurasianet-მა რამდენიმე სტატია დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მაღალჩინოსნებისა და რიგითი მოქალაქეების ხედვებს მიუძღვნა, რომლებიც არცთუ ერთგვაროვანია ომიდან 10 წლისთავზე.

ცხინვალის ზეიმი რუსეთის მიერ აღიარების 10 წლისთავთან დაკავშირებით მეტად მოკრძალებული საგარეო წარმომადგენლობის ფონზე ჩატარდა. მანამდე პომპეზურ ღონისძიებაზე მოწვევები, რუსეთის პრეზიდენტთან ერთად, გაეგზავნათ სირიის, ნიკარაგუისა და ვენესუელის, ასევე, არაღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ლიდერებს . თუმცა ღონისძიებაზე მხოლოდ უკრაინისგან გამოყოფილი კვაზი რესპუბლიკების ლიდერები ჩავიდნენ, სხვები კი მხოლოდ წარმომადგენლობის გაგზავნით შემოიფარგლნენ.

“ღონისძებები და რუსეთის მიერ მათი გაშუქება საბჭოთა ერაში დაბრუნებას ჰგავდა, როცა იმპერიის ბევრ პროვინციას უნდა აღენიშნა მოსკოვის, როგორც ლიდერის როლი კრემლის ლიდერის მადიდებელი ჰანგების ფონზე. როგორც მაშინ, ასევე ახლაც, სამხრეთ ოსეთში გამართულ პერფორმანსშიც ბავშვები მონაწილეობდნენ”, – წერს სტატიის ავტორი.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ალან ჯუსოევი მიიჩნევს, რომ “ჩვეულებრივი მოქალაქის გადმოსახედიდან 10 წლისთავზე ცხოვრება გაუმჯობესდა”. ის ამ მოცემულობას უსაფრთხოებით ხსნის და აცხადებს, რომ მოსახლეობას აღარ აწუხებს კითხვა, “როდის გამოჩნდება აქ ქართული არტილერია?”

გამოცემამ იმავე კითხვით სწორედ რიგით მოქალაქეს, 49 წლის ზარინას მიმართა. რუსეთის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარება მასაც უხარია, თუმცა ნაკლები პროგრესის ფონზე იმედები ნელ-ნელა უქარწყლდება.

“10 წელიწადი დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაცის აშენება დაიწყო, მაგრამ რაც ხდება, ჩემს იმედებს აქარწყლებს”, – ამბობს ზარინა.

Eurasianet-ის ცნობით, რუსეთი ცხინვალისთვის ყოველწლიურად 88 მილიონ დოლარს ხარჯავს, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ძირითდად რუსული კომპანიები ახორციელებენ, ადგილობრივ ბიუჯეტს კი ბევრი არაფერი ემატება. ადგილობრივი ჟურნალისტის, ფატიმა თუმანოვას თქმით, დამოუკიდებლობა, პირველ რიგში, სწორედ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ნიშნავს.

“ვფიქრობდით, რომ 10 წლის შემდეგ ეკონომიკა გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. ასე რომ, ახლა მცირე საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მომდევნო 10 წელიწადში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება”, – აცხადებს 49 წლის ზარინა.

რუსეთის დამოკიდებულება ცხინვალის საზეიმო ღონისძიებების მიმართ ქართული მხარისთვის ნათელი მაგალითია, რომ მოსკოვი არათუ რეგიონის დამოუკიდებლობაზე ღელავს, არამედ მას უბრალოდ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

ადრე თუ გვიან რუსეთს მოუწევს, შეცვალოს თავისი არალეგალური გადაწყვეტილება რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და ტერიტორიების დეოკუპაციაც განახორციელოს”, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ნიკოლ ფაშინიანის 100 დღე

ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრობის 100 დღე ერევნის ცენტრში მასშტაბური აქციით აღნიშნეს. შეკრებას, რომელიც თავად ფაშინიანმა ხალხის მონატრების მიზეზით დააანონსა, პოლიციის ცნობით, 120-150 000 ადამიანი ესწრებოდა.

ანალიტიკოს მიკაელ ზოლიანის თქმით, აქციის გაცხადებული მიზანი 100-დღიანი მუშაობის შეჯამება იყო, თუმცა დიდწილად, ახალ მთავრობას სახელმწიფოს სადავეებს ჩამოშორებული ან ჯერ კიდევ იქ მყოფი მოწინააღმდეგეების წინაშე ძალის დემონსტრირება სურდა; დამტკიცება იმისა, რომ მისი მხარდაჭერა არ შემცირებულა და ადამიანები კვლავ მზად არიან, რევოლუციის ლიდერის მოსასმენად ერევნის ცენტრში შეიკრიბონ.

Eurasianet აღნიშნავს, რომ გაჩნდა ეჭვებიც, ხომ არ მიიღო კამპანიამ პოლიტიკური, სელექციური სახე. კითხვები არსებობს მთავრობის გუნდის ახალგაზრდა წევრების გამოცდილებაზეც. ფაშინიანის ლიბერალი მხარდამჭერები კი დარწმუნებულნი არ არიან, რომ მთავრობა მათ საჭიროებებს გაიზიარებს. სანდო გამოკითხვები მწირია, თუმცა რიგი კვლევების შედეგების მიხედვით, ფაშინიანის ფიგურა სომხეთის მოქალაქეებს შორის პოპულარობას ინარჩუნებს.

ერთ-ერთი პირველი, რაზეც ფაშინიანს “ახალ სომხეთზე” საუბრისას ხაზგასმა შეუძლია, ანტიკორუფციული კამპანიაა. პროცესი არაერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, მათ ნათესავებსა და ბიზნესებს შეეხო. სახლების ჩხრეკებისა თუ დაკავებების კადრები მოსახლეობამ ტელეეთერშიც არაერთგზის იხილა. რამდენიმე მსხვილი ბიზნესის მფლობელმა ფაშინიანს ღია წერილითაც მიმართა და შესჩივლა, რომ პროცესი ოფიციალურ პირებთან რიგ შეთანხმებებს არღვევს. პრემიერ-მინისტრმა კი წერილს ფეისბუქ გვერდზე ხისტი განცხადებით უპასუხა და მოსახლეობას მოუწოდა, “ბოიკოტი გამოუცხადონ ბანდიტებს, რომელთაც სურთ დაამტკიცონ, რომ უკანონობა კანონიერებაზე უკეთესია”.

სომხეთის ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ ანტიკორუფციულ კამპანია სწორი ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი.

“სამართლიანობაზე დაფუძნებული ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა მნიშვნელოვანია – ამის გარეშე პოზიტიური და გრძელვადიანი ეკონომიკური მოლოდინები ვერ გექნება. თუმცა ინვესტიციები გაცილებით მეტს მოითხოვს”, – აცხადებს ეკონომისტი არტაკ მანუკიანი Eurasianet-თან საუბრისას.

ფაშინიანის მთავრობის 100 დღეში ანტიკორუფციულ კამპანიაზე არანაკლებ აქტუალური და, შეიძლება ითქვას, უფრო მეტად ხმაურიანი, 2008 წლის მარტში ერევანში გამართული აქციის ცეცხლსასროლი იარაღით დარბევაზე აღძრული საქმე აღმოჩნდა. მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების ბრალდებით დააკავეს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი, თავდაცვის მინისტრზე კი ძებნა გამოცხადდა.

ანალიტიკოსი ანაჰიტ შირინიანი მიიჩნევს, რომ 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების გამოძიება ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოცდაა. მისი შეფასებით, მარტის მოვლენებმა სომხეთის პოლიტიკური საზოგადოება ხერხემალში გადატეხა. შესაბამისად, საზოგადოება საქმის გამოძიებას განსაკუთრებით ელის. “გარდამავალი სამართლიანობის საერთაშორისო ცენტრის” წარმომადგენელი რუბენ კარანი კი, რომელიც სომხეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა, ფიქრობს, რომ კოჩარიანისა და სხვების დაკავება იყო პასუხი ფაშინიანის მხარდამჭერთა მოლოდინებზე.

“რამდენადაც მნიშვნელოვანია, მოლოდინებს უპასუხო, ასეთივე მნიშვნელოვანი არის მათი ეს მოლოდინები, დააკმაყოფილო სამართლიანობის მოთხოვნილება ფართო გაგებით”, – ამბობს ის.

მმართველობის პირველ 100 დღეში კითხვები სამთავრობო გუნდის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებითაც გაჩნდა. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა და გამოუცდელი კადრები(მაგ. დიასპორის მინისტრი 27 წლისაა, პრემიერ-მინისტრის მოადგილე და აპარატის უფროსი კი, 27-27 წლის) ქვეყნის წინაშე არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ გაუმკლავდებიან. თუმცა ფაშინიანის მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია აქვს:

“რა არის უკეთსი, მოიყვანო გამოუცდელი კადრები, რომელთაც აქვთ კარგი ღირებულებები და ყველაფერს გააკეთებენამ ღირებულებათა აღსასრულებლად, თუ ვიყოთ გამოცდილი კორუმპირებული მაღალჩინოსნების მძევლები?”, – აცხადებს პრემიერის მოადგილე არარატ მირზოიანი, რომელიც თავად 35 წლისაა.

ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერთათვის ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები მნიშვნელოვანია, თუმცა ლიბერალურად განწყობილი ნაწილისთვის ადამიანის უფლებებიც მოწინავე პოზიციას იკავებს. არაერთი მათგანისთვის უსიამოვნო იყო მთავრობის პასიურობა 3 აგვისტოს სომხეთის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში მომხდარ თავდასხმაზე, რომლის დროსაც 30-მა კაცმა დანით ლგბტ მოზარდი, ლგბტ აქტივისტები დაჭრა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მთავრობისგან მნიშვნელოვანი გამოხმაურება არ ყოფილა, ომბუდსმენმა კი თავდასხმას მხოლოდ 6 დღის შემდეგ უპასუხა.

ეს და მსგავსი შემთხვევები აქტივისტთა ნაწილს წინა ხელისუფლების პროვოკაციად მიაჩნია. ასე ფიქრობს ლგბტ აქტივისტი მამიკონ ჰოვსეპიანიც, რომელიც მიიჩნევს, რომ პროვოკაციას რევანშისტები აწყობენ, რომელთაც სურთ, ფაშინიანსა და მის მეტწილად კონსერვატორ მხარდამჭერებს შორის ურთიერთობა დაძაბონ. ჰოვსეპიანი მიიჩნევს, რომ ჯამში, ამჟამინდელი მთავრობა ლგბტ ადამიანებისადმი მეტი მგრძნობელობით გამოირჩევა.

“მთავრობა სიძულვილის ენას აღარ მიმართავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მთავრობას ლგბტ ადამიანებისადმი დადებითად განწყობილი ბევრი წევრი ჰყავს, რომელთა ნაწილიც ლგბტ ადამიანებზე სოციალურ მედიაში განხორციელებულ თავდასხმებს ღიად გმობს. ასეთი რამ რესპუბლიკელების დროს წარმოუდგენელი იყო”, – ამბობს ის Eurasianet-თან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი