ახალი ამბები

ევროპარლამენტის დაქირავებული მკვლევარი ამბობს, რომ კრიტიკული ანგარიშის გამო ემუქრებიან

4 სექტემბერი, 2018 • 6510
ევროპარლამენტის დაქირავებული მკვლევარი ამბობს, რომ კრიტიკული ანგარიშის გამო ემუქრებიან

ევროპარლამენტის დაქირავებული მკვლევარი ნონა მიხელიძე ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას ამბობს, რომ კრიტიკული ანგარიშის გამო საქართველოდან ემუქრებიან.

კრიტიკულ ანგარიშში საქართველოს პრობლემებზე და მიღწევებზეა საუბარი. მასში ნათლადაა აღნიშნული, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ქვეყანაში კვლავ სუსტია და მათ “ოლიგარქი მართავს”. მიხელიძე დოკუმენტში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, რაც მისი აზრით, დემოკრატიის მთავარ გამოწვევად რჩება.

ნონა მიხელიძის თქმით, ანგარიშის მომზადების შემდეგ მუქარის შემცველი არაერთი შეტყობინება მიიღო:

“არის მუქარის შემცველი მესიჯები. ხდებოდა შეტევა ჩემს ფეისბუკ გვერდსა და პირად ელექტრონულ ფოსტაზე. გატეხეს ჩემი ოჯახის წევრის ფეისბუკ გვერდი და იქიდან მამატებდნენ რაღაც ჯგუფებში და ა.შ”, – ამბობს მკვლევარი ტელეკომპანია “პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მიხელიძის კრიტიკულ ანგარიშსს თბილისში ქართული ოცნების დეპუტატებიც გამოეხმაურნენ. მათ ავტორს მიკერძოებულობაში დასდეს ბრალი და ევროპარლამენტს წერილობითაც მიმართეს:

” როგორც რეპორტში არის აღნიშნული, ეს არ გახლავთ ევროპარლამენტის ოფიციალური პოზიცია, ეს იყო დამხმარე დოკუმენტი, რომ ევროპარლამენტარებს შექმნოდათ უფრო მეტი შთაბეჭდილება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ამის შესახებ დაფიქსირებულია რეპორტის წინასიტყვაობაშიც. რაც შეეხება გულისწყრომის წერილს და კრიტიკას, რომელიც ჩემი რეპორტის მიმართ იყო გამოთქმული, ამის სესახებ თავად ევროპარლამენტარებმა მითხრეს.

თვითონ დოკუმენტი კრიტიკის შემცველი გადმომიგზავნა ევროპარლამენტმა პრეზენტაციის წინა დღეს. არცერთი კომენტარი არ გაკეთებულა ჩემ მიერ ყველაზე კრიტიკულად შეფასებულ ნაწილზე, რაც არაფორმალურ მმართველობას, სასამართლო რეფორმას და მასმედიას ეხება. ამაზე კომენტარი ამ დოკუმენტში არ იყო. ის საბოლოო დასკვნის სახით ამბობდა, რომ უსამართლოდ ვნებს ქვეყნის რეპუტაციას” ,- უთხრა ნონა მიხელიძემ ტელეკომპანია “პირველს”.

გაეცანით მიხელიძის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ვრცლად:

“ინსტიტუციებს ისევ ოლიგარქი მართავს” – EU-სთვის მომზადებული მწვავე დასკვნა საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი