ახალი ამბები

I ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა

4 სექტემბერი, 2018 • 2291
I ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხორავას ქუჩაზე მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა

თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორმა ხათუნა ბარაბაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც მან ნეტგაზეთს” უთხრა, სკოლის სამეურვეო საბჭომ გადადგომის შესახებ მისი განცხადება დააკმაყოფილა და 22 აგვისტოდან პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი აღარ არის.

ხათუნა ბარაბაძე თანამდებობის დატოვებას უკავშირებს 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც ორი მოზარდი მოკლეს. ჩხუბში მონაწილეობას 51 – ე სკოლისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები იღებდნენ.

უკვე ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მორალური პასუხისმგებლობას გრძნობს და თანამდებობის დატოვებაც ამიტომ გადაწყვიტა. გადაგომის მოთხოვნით კი სამეურვეო საბჭოს რამდენმე თვის წინაც მიმართა, თუმცა მაშინ საბჭომ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

“პირველ რიგში, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ალბათ ყველას ერთად მეტი სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოეჩინა. მე მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ. მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ძალიან გამიჭირდა ამ საკითხის გადალახვა და გადატანა,”- აცხადებს უკვე ყოფილი დირექტორი.

ხათუნა ბარაბაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრში ტრენერთა კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. მისი თქმით, ცენტრში აგვისტოს ბოლოდან, ანუ დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ მუშაობს.


1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი