საქართველოში რუსული დელეგაციის წევრები არ შემოუშვეს

მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს რუსული მედიის სამი წარმომადგენელი, რომელთაც, შსს-ს ცნობით, ოკუპაციის შესახებ კანონი აქვთ დარღვეული.

შსს-ს პრესსამსახურში დაგვიდასტურეს დაკავებულთა ვინაობა: რუსი საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი გენადი ბოდრიუგოვი, რუსული გამოცემა Tass-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი და ალექს ტოკარევი.

ჟურნალისტები თბილისში ჩამოდიოდნენ სამხრეთკავკასიური მედიაფორუმის,”მედიის როლი რეგიონში ნდობის გამტკიცებაში”, ფარგლებში. როგორც რადიო თავისუფლება წერს, სპეციალისტები ფორუმს განიხილავენ “მოსკოვის ჰიბრიდული ომის ნაწილად”. მათივე ცნობით, ფორუმი რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერაა დაფინანსებული.

ოკუპაციის შესახებ კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მხრიდანაა დაშვებული, სამხრეთ ოსეთში კი – გორის მხრიდან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია მუშაობდა ნეტგაზეთის რეპორტიორად 2016 წლის მაისიდან 2017 წლის 31 იანვრამდე. 2017-18 წლებში მუშაობდა OC Media ში რეპორტიორად. 2018 წლის 1 სექტემბრიდან ის კვლავ ნეტგაზეთის რეპორტიორია.