ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში სასამართლომ მიიჩნია, რომ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები კანონდარღვევით აღიძრა

4 სექტემბერი, 2018 • 3466
ცხინვალში სასამართლომ მიიჩნია, რომ მეარაყიშვილის მიმართ საქმეები კანონდარღვევით აღიძრა

ახალგორის [ლენინგორი] რაიონულმა სასამართლომ [სასამართლო ცხინვალში გაიმართა] დააკმაყოფილა სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის შუამდგომლობა მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების ახალგორის რაიონის პროკურატურაში დაბრუნების თაობაზე.

ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე დაეთანხმა დაცვის მხარეს, რომ მეარაყიშვილის მიმართ ბრალდების დასკვნა შედგენილია მრავალმხრივი დარღვევებით, რაც გამორიცხავს იმას, რომ სასამართლომ მეარაყიშვილის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანოს. კერძოდ, საქმეში არ არის მითითებული ჩადენილი დანაშაულის ადგილები და გარემოებები, მეარაყიშვილის კონკრეტული ქმედებები, რაც ვერ მისცემს სასამართლოს საშუალებას, მეარაყიშვილის უდანაშაულობის შესახებ საკითხზე იმსჯელოს.

ახალგორის [ლენინგორის] პროკურატურას გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 10-დღიანი ვადა აქვს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ახალგორის რაიონის [ლენინგორი] პროკურატურამ სამოქალაქო აქტივისტს, თამარ მეარაყიშვილს 2018 წლის 12 ივნისს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით – სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის უკანონო მიღება საქართველოს მოქალაქეობის პარალელურად გაყალბებული განცხადების საფუძველზე; აღნიშნული გაყალბებული დოკუმენტის გამოყენება და  მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” რეგიონული განყოფილების მიმართ ცილისწამება. იქამდე თამარ მეარაყიშვილი აღნიშნულ საქმეებში ეჭვმიტანილი იყო. პირველი საქმე მის მიმართ ადგილობრივმა პროკურატურამ 2017 წლის 16 აგვისტოს აღძრა.

მაშინ მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მისი უფლებების სამართლებრივი დაცვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ იურისტებს არ შეუძლიათ, ამიტომ  გასულ წელს მეარაყიშვილმა მის მიმართ დაწყებული გამოძიების შემდეგ დაიქირავა ადვოკატი,
რომელიც ვლადიკავკაზში ცხოვრობს.


მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

თამარ მეარაყიშვილის საქმეებზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი