ახალი ამბები

სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება პრევენციული ხასიათისაა

4 სექტემბერი, 2018 • 2552
სერგეენკო: C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება პრევენციული ხასიათისაა

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, C ჰეპატიტის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გამოძიება პრევენციული ხასიათისაა.

დავით სერგეენკოს თქმით, საქმე იმ მედიკამენტებს ეხება, რომლებსაც პაციენტების სიმცირის გამო ვადა გაუვიდა.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანაში საჭირო მედიკამეტების რაოდენობის განსაზღვრა საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით ხდება:

“საბჭოს შემადგენლობაში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ფარმაცევტული კომპანია გილეადის წარმომადგენლებიც შედიან. მრჩეველთა საბჭოს მიერ 2016 წელს გაცემული რეკომენდაციის მიხედვით, იმისთვის, რომ ელიმინაციის მიზანი დაგეგმილ ვადებში დამდგარიყო, თვეში 3 500 პაციენტი საჭირო მედიკამენტებით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. დღეის მდგომარებობით, პროგრამაში ყოველთვიურად, საშუალოდ, 1 000 პაციენტი ერთვება”, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტების ჩამოწერის გამო სახელმწიფოს ზარალი არ მიდგომია და ყველა პაციენტმა პროგრამის ფარგლებში ვადიანი და უახლესი თაობის მედიკამენტით იმკურნალა:

„სანამ ამ პროექტს ვიწყებდით, ერთადერთი რისკი იყო, რომ არ მომხდარიყო მედიკამენტების არალეგალური გადინება. საბედნიეროდ, სამნახევარი წლის განმავლობაში არცერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მაკონტროლებელმა ყურადღება არ მიაქციოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოძიება მიმდინარეობს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტების განაწილების პროცესში არსებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი