არარსებული “გეი აღლუმი” და ყალბი ინფორმაცია ჰომოფობიის სამსახურში

ფეხბურთელ გურამ კაშიასთვის უეფას თანასწორობის ჯილდოს გადაცემის ფონზე აგორებული ჰომოფობიური კამპანიის დროს სოციალურ ქსელში რიგი ჯგუფები დეზინფორმაციის ტირაჟირებას ცდილობენ. ბოლო ასეთი ყალბი ცნობა, თითქოს 9 სექტემბერს, საქართველო-ლატვიის საფეხბურთო მატჩისას, დინამოს სტადიონზე “გეი აღლუმის” ჩატარება იგეგმება, “ქართულმა მარშმა” გაავრცელა. იგივე ცნობა, აგრესიული მოწოდებებით, მალევე  გააზიარა რამდენიმე ჰომოფობიურმა ჯგუფმა და ინტერნეტ-გვერდმა.

აღნიშნულ ინფორმაციას გურამ კაშიას მხარდამჭერი აქტივობის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ დოლიძე არ ადასტურებს. აქტივისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას აცხადებს, რომ 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე მისვლას აპირებენ ადამიანები, რომელთაც სურთ, ფეხბურთელს მხარდაჭერა გამოუცხადონ. “გეი აღლუმი” , როგორც ამას “ქართული მარში” ტირაჟირებს, არ იგეგმება, დეზინფორმაციულ კამპანიას კი კონკრეტული მიზნები აქვს:

“ვართ აქტივისტები, რომლებიც მივდივართ გურამ კაშიასა და თანასწორობის იდეის მხარდასაჭერად. ის, რომ ამას ჰქონდეს აღლუმის სახე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება. გვინდა, გურამს ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არის და ბევრი ადამიანი ფიქრობს მასსავით. ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს.

ამ ყველაფერს აქვს ერთი სახელი: ეს არის რუსეთის ჰიბრიდული ომი. ეს ემსახურება იმას, რომ ადამიანები არ შევიკრიბოთ კონკრეტული იდეების გარშემო და ქართველობა და ადამიანობა გამოიხატოს მხოლოდ გულზე მჯიღის ცემაში”, – ამბობს ის.

ქვეყანაში ჰომოფობიური სენტიმენტის გაღვივების მცდელობებს აქამდეც სდევდა თან მანიპულაციები. ასე იყო 2013 წელსაც, როცა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  და აქტიურმა მოქალაქემ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აქცია დააანონსა. სხვადასხვა ჯგუფები მაშინაც ავრცელებდნენ ცნობებს, რომ 17 მაისს თბილისში “გეი აღლუმი” უნდა ჩატარებულიყო და არარსებული ღონისძიების ჩასაშლელად მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მაშინ თბილისის ცენტრში 40-მდე ლგბტ უფლებადამცველი აქტივისტის პარალელურად ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომელთაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და აქცია ჩაშალეს, ცდილობდნენ ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც.

“თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ბერიანიძის თქმით, 5 წლის შემდეგ ჰომობოფიური ჯგუფების რიტორიკა იგივეა, თუმცა მოქმედების ტაქტიკა დაიხვეწა. მისი თქმით, მაშინაც და ახლაც აღნიშნული ჯგუფები ლგბტ ადამიანების, ამ კონტექსტში კი, დასავლური ღირებულებების დემონიზებისთვის იმ მეთოდებს მიმართავენ, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში იყენებს.

“იგივე ხდება უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიაში… ტერმინებიც, როგორიცაა “GAYropa”, “ლიბერასტი” და ა.შ. იდენტურია. რუსეთი ამას აკეთებს ფართო გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან ეს ქვეყნები ცდილობდნენ დემოკრატიზაციასა და დასავლეთთან დაახლოებას, მოსკოვი კი ცდილობს ამ დამოკიდებულებების შეცვლას ნაციონალისტური თუ ჰომოფობიური სენტიმენტის გაღვივებით.

პრინციპში, მაშინაც(2013წ.) მსგავს რიტორიკას იყენებდნენ; მაგალითად, 17 მაისის გეი აღლუმად მონათვლა კადრების ჩვენება, სადაც ჩანდა, როგორ დადიოდნენ ბუმბულებიანი კაცები გეი პრაიდზე ჰოლანდიაშ. კადრები, სადაც ბავშვები ჩანდნენ პრაიდზე… ახლა ტაქტიკა დაიხვეწა, ვინაიდან დაიხვეწა რუსული პროპაგანდის წყაროებიც. იციან, რა სიტყვები როდის უნდა იხმარონ, რა უნდა დაარეკლამონ სოციალურ ქსელში და ა.შ.”, – აცხადებს ლევან ბერიანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, 9 სექტემბერს დინამოს სტადიონზე გურამ კაშიასადმი დაგეგმილ მხარდამჭერ აქტივობას გეი პრაიდთან(“გეი აღლუმთან”, როგორც მას “მარში” და სხვა ჯგუფები იხსენიებენ), საერთო არაფერი აქვს. პრაიდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ზაფხულის თვეებში იმართება, თეატრალიზებული მსვლელობისა და სხვა ღონისძიებებისგან შედგება. საქართველოში პრაიდი არ ჩატარებულა და არც დაგეგმილა.

“ის, რასაც საქართველოში ორგანიზაციები და აქტივისტები წლებია, ვცდილობთ გავაკეთოთ, ეს იქნება საჯარო მანიფესტაცია, 17 მაისი თუ სხვა, ეს არ არის გეი პრაიდი. თუ ამ აქციების შინაარსსა და ფორმას თვალს გადაავლებთ, ისინი აბსოლუტურად დაშორებულია პრაიდის ელემენტებისგან და ორიენტირებულია არათუ აღნიშვნაზე, არამედ ძალადობასა და დისკრიმინაციის შესახებ საუბარზე. აქ უფრო გლოვაა, ვიდრე აღნიშვნა. შესაბამისად, ეს ორი რაღაც აბსოლუტურად განსხვავებულია, თუმცა მათ(ჰომოფობიურმა ჯგუფებმა) იციან, რომ “გეი პრაიდის” ხსენებით ძალიან მარტივად შეიყვანენ მოსახლეობას შეცდომაში.

…[9 სექტემბერს] გეი პრაიდი არ იქნება, რა თქმა უნდა. არ იქნება არანაირი თეატრალიზება და აღნიშვნა. ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოხატოს სოლიდარობა ლგბტ ადამიანებისადმი და მადლობა გადაუხადოს გურამ კაშიას იმ სოლიდარობისთვის, რომელიც მან ლგბტ ადამიანებს გამოუცხადა; ასევე, პროტესტი გამოუცხადოს ძალადობრივ და მუქარის შემცველ აგრესიულ ტალღას”, – აცხადებს ბერიანიძე.


გასულ სეზონში, ჰოლანდიის კლუბ “ვიტესში” თამაშისას, ქვეყნის სხვა კლუბების კაპიტნების მსგავსად, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას, დაგმო ჰომოფობია და ლგბტ დროშის ფერებით სამკლაური გაიკეთა.

კაშიას ამ ქმედებას საქართველოში უარყოფითად გამოეხმაურნენ ფაშისტური, ჰომოფობიური და ქსენოფობიური დაჯგუფებები. ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უეფამ გურამ კაშიას თანასწორობის ჯილდო 2018 წლის 30 აგვისტოს გადასცა.

ჯილდოს გადაცემას საქართველოში ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან სიძულვილის მორიგი ტალღა და მუქარაც მოჰყვა, თუმცა არ დააყოვნა მხარდამჭერთა რეაქციამაც. ასე დაიწყო კამპანია #გურამშენთანვართ, რომლის ფარგლებშიც ფეისბუქზე ათასობით ადამიანმა დაწერა, რომ ისინი მხარს უჭერენ გურამ კაშიას.

ლატვია–საქართველოს ნაკრებების თამაში 9 სექტემბერს თბილისში იმართება. ადამიანები სოციალურ ქსელებში ერთმანეთს მოუწოდებენ, ამ დღეს მივიდნენ სტადიონზე გურამ კაშიას გასამხნევებლად.

პარალელურად, სხვადასხვა სახის მოწოდებები ჟღერდება კაშიას მოწინააღმდეგეებისგანაც. გაზეთ “ასავალ-დასავალის” გარეკანზე გამოტანილია წარწერები, რომ “9 სექტემბერს მთელმა თბილისმა ალყაში უნდა მოაქციოს დინამო-არენა” და “9 სექტმებერს დინამო-არენაზე უამრავი ლგბტ დროშა უნდა დაიწვას”. მოწოდებები საკუთარ გვერზე “ქართულ მარშსა” და სხვა ჰომოფობიურ ჯგუფებსაც აქვთ გაზიარებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან