ახალი ამბები

რა ღირს ჩოგბურთში ბავშვის მომზადება

4 სექტემბერი, 2018 • 20635
რა ღირს ჩოგბურთში ბავშვის მომზადება

ბავშვის ჩოგბურთის წრეზე ერთი თვით ტარება თბილისში საშუალოდ 170-დან 250 ლარამდე ღირს. სხვადასხვა სპორტული კომპლექსები მომხმარებლებს განსხვავებულ ფასებს სთავაზობენ. იმის გასარკვევად, თუ რა სერვისებს და რა ფასად სთავაზობენ თბილისში არსებული კორტები მომხმარებელს “ნეტგაზეთი” სამ კომპანიას დაუკავშირდა.

City Sport

City Sport თბილისში, მ.ასათიანის 7ა-ში მდებარეობს და ბავშვის კორტებზე ტარება 4-5 წლიდან არის შესაძლებელი. ჩოგბურთის წრის ერთთვიანი ღირებულება ბავშვებისთვის City Sport-ში 170 ლარია. ბავშვები კვირაში 3-ჯერ, 1 საათის განმავლობაში მწვრთნელის თანდასწრებით ვარჯიშობენ.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ ინდივიდუალური მომზადების სერვისიც აქვთ. ბადესთან ბავშვის ინდივიდუალური მომზადება საათში 50 ლარი ღირს, თუმცა, როგორც მწვრთნელი განმარტავს, საწყის ეტაპზე ბადესთან ვარჯიში ბავშვისთვის აუცილებელი არაა და ასეთ დროს ერთსაათიანი მომზადების ღირებულება 25 ლარს შეადგენს.

City Sport მომხმარებლებს ჩოგბურთისთვის საჭირო ეკიპირებით არ უზრუნველყოფს. ჩოგანს კორტებზეც ვერ იქირავებთ და მისი ყიდვა მოგიწევთ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ჩოგნების ღირებულება ბავშვის ასაკის შესაბამისად იცვლება. 8 წლის ბავშვისთვის, რომელიც ჩოგბურთში მომზადებას ახლა იწყებს, ჩოგნის საშუალო ღირებულება დაახლოებით 120 ლარი იქნება.

მზიურის კორტები

მზიურის კორტები ნინო რამიშვილის 37ა-ში მდებარეობს. როგორც სპორტულ კომპლექსში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ამჟამად აქცია აქვთ, რომლის ფარგლებშიც, თუ მომზადებას 30 სექტემბერამდე დაიწყებთ, წლის ბოლომდე მომზადება თვეში 200 ლარი ეღირება. ფასდაკლების გარეშე, ერთთვიანი მოსამზადებელი წრის ღირებულება 240 ლარია.

მზიურის კორტებში ბავშვის მიყვანა 5 წლიდანაა შესაძლებელი. ვარჯიშის ინტენსივობა კვირაში სამი დღე, ხანგრძლივობა კი საათი და ოცი წუთია. 

ინდივიდუალური მომზადების შემთხვევაში კორტების დაქირავების ღირებულება საათში 25 ლარია, მწვრთნელის აყვანა კი 30-40 ლარი ჯდება.

მზიურის კორტებში ჩოგანი შეგიძლიათ 5 ლარად დაიქირაოთ, შეძენის შემთხვევაში კი 8 წლის ბავშვისთვის, რომელიც მომზადებას ახლა იწყებს, ჩოგნის ღირებულება საშუალოდ 120 ლარია.

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია კოტე მარჯანიშვილის 29-შია განთავსებული. 5-13 წლამდე ბავშვებისთვის ჯგუფური ვარჯიში კვირაში 3-ჯერ – თვეში 225 ლარი ღირს. ინდივიდუალური მომზადება კი საათში 60 ლარი ჯდება.

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიაში ჩოგნებს ვერ იქირავებთ. თუმცა სპორტულ კომპლექსში არსებულ სპორტულ მაღაზიაში მათი შეძენა შეგიძლიათ. საშუალოდ, დამწყებისთვის ჩოგნის ღირებულება 150-250 ლარს შორის მერყეობს.

იმ შემთხვევაში, თუ ჩოგნის ყიდვას ონლაინ გადაწყვეტთ, Amazon.com-ზე საშუალოდ იწყება 25$-დან.

მასალების გადაბეჭდვის წესი