ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონიის ვიზის გაცემის პირობები გამარტივდა

4 სექტემბერი, 2018 • 10141
საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონიის ვიზის გაცემის პირობები გამარტივდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის იაპონიის ვიზის გაცემის პირობები გამარტივდა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანთან შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება როგორც სავიზო რეჟიმის გამარტივება, ისე ორმხრივი ინვესტიციების განხორციელება.

“ბატონ ზალკალიანთან შეხვედრისას ვიმსჯელეთ, როგორ შეგვძლია ვითანამშრომლოთ უფრო მჭიდროდ, ორმხრივი ურთიერთობების გასავითარებლად. მაგალითად, იაპონია გეგმავს, ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალგაზრდა დიპლომატების, იურისტებისა და სხვა ექსპერტების, სახელმწიფო სტრუქტურებში საკვანძო ფიგურების ხელშეწყობის კუთხით. იაპონიამ ასევე გადაწყვიტა გაამარტივოს სავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ხალხი რომ ერთმანეთს დაახლოვდესს. ასევე მინდა განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას პრინციპულ და პოლიტიკურ დონეზე ორმხრივი ინვესტიციების მიმართულებით საქართველოსა და იაპონიას შორის”, – აღნიშნა მან.

სავიზო პირობების გამარტივების ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებისთვის, კერძოდ ბიზნესის დანიშნულებით და კულტურული თუ ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლებისთვის იაპონიის მრავალჯერადი ვიზები შემოიღეს. ვიზის მოქმედების ვადა კი 3 თვიდან არაუმეტეს 5 წლამდე გაიზარდა. ტურისტული ვიზების შემთხვევაში, მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ მოგზაურობის დამადასტურებელი დოკუმენტი იაპონიის რომელიმე ტურისტული სააგენტოსგან, რაც აქამდე აუცილებელი კომპონენტი იყო.

იაპონიის დელეგაცია საქართველოს დღეს, 4 სექტემბერს ეწვია. დელეგაციის წევრებს შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ტარო კონო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტი ნორიკო სუზუკი არიან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების ისტორიაში ეს პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი