ახალი ამბები

მერია: უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან

3 სექტემბერი, 2018 • 1602
მერია: უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, დედაქალაქში მოქმედი უფასო სასადილოების ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა, რომლითაც  ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის, კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის და ა.შ. ასახვა და განახლება.

მერიაში აცხადებენ, რომ ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი), საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები:

“სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვნენ მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში. დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38 000-მდეა”, – ვკითხულობთ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი