ახალი ამბები

ენმ და ევროპული საქართველო ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ

3 სექტემბერი, 2018 • 3748
ენმ და ევროპული საქართველო ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ

მიუხედავად იმისა, რომ “ევროპულმა საქართველომ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” წინასაარჩევნოდ ბრიუსელში თავდაუსხმელობის შეთანხება გააფორმეს, ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ.

მოძრაობამ “ძალა ერთობაშია” დღეს, 3 სექტემბერს, ქუთაისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ “ევროპული საქართველო” მინიმუმ 140-მა წევრმა დატოვა და საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. გიორგი თევდორაძის ეს განცხადება ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მორიგი საბაბი გახდა.

“ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში ვიყავით, ბოლო არჩევნებში წარმოვადგენდით “ევროპულ საქართველოს” ან სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებს, დღეს ვუერთდებით გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბს, რადგან მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წინსვლის საიდუმლო არის ერთიან ძალაში. ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება. კარგი მაგალითი გადამდებია… იმედია, ამ მაგალითს მობაძავენ და ამ ერთიანი ძალით აუცილებლად ვიცხოვრებთ უკეთეს საქართველოში”, – განაცხადა გიორგი თევდორაძემ.

მოძრაობის “ძალა ერთობაშია საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო მეტი “გამოჩენილი ქართველი” და პოლიტიკური ორგანიზაცია შეურთდება მის გუნდს.

როგორც “ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, გიორგი თევდორაძემ, ანდრო მაღლაკელიძემ და სხვა რამდენიმე ადამიანმა “ევროპული საქართველო” ჯერ კიდევ ათი თვის წინ, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების დროს დატოვეს და “ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი განცხადება სიმულაციაა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, დღეს “ევროპულ საქართველოს” შეუერთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი: დავით ავალიანი, მარიამ რამინაშვილი, კობა ზაქარეიშვილი, ბესარიონ არველაძე. უგულავასვე განცხადებით, ეს ადამიანები წელიწადნახევრის წინ წამოვიდნენ “ნაციონალური მოძრაობიდან”.  რაც შეეხება გია თევდორაძეს, ანდრო მაღლაკელიძესა და მათთან დაკავშირებული პირებს, როგორც უგულავა ამბობს, ისინი 10 თვის წინ წავიდნენ “ევროპული საქართველოდან”.

“ეს მრავალგზის გაშუქდა სხვადასხვა მედიასაშუალებაში და ახლა ურცხვად ვისმენთ, რომ თურმე დღეს შეუერთდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. ბუნებრივია, ისმის შეკითხვა, პარტიას, რომელთანაც ჩვენ ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც პირობა დავდეთ, რომ ვფოკუსირდებოდით იმ ჯილეხზე, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია, რატომ რჩება დრო ამ სიმულაციური პროცესის წარმართვისთვის? მე მიკვირს, “ნაციონალური მოძრაობა” რატომ იცლის ასეთი სიბეცისთვის და სიმდაბლისთვის?! “ნაციონალური მოძრაობისთვის” პრობლემა არ არის “ქართული ოცნება”, ეს პარტია ებრძვის “ევროპულ საქართველოს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გიგი უგულავამ.

გიორგი თევდორაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ მან “ევროპული საქართველო” მართლაც ათი თვის წინ დატოვა, ისევე როგორც ანდრო მაღლაკელიძემ, თუმცა პარტიის აქტივისტების დიდმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში მიიღო.

“140 ადამიანი, რომელიც წინა არჩევნებზე “ევროპული საქართველოს” საარჩევნო აქტივისტების სიაში ირიცხებოდა, დღეს უკვე რეგისტრირებულია “ერთიანი ოპოზიციის ადგილობრივ ლიდერთა რეესტრში”. ორი კვირისა და ათი დღის წინ ბევრ მათგანს ეხმიანებოდნენ “ევროპული საქართველოს” შტაბიდან და სთხოვდნენ მისვლას, მაგრამ მათ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს”, – განაცხადა თევდორაძემ.

“ევროპულმა საქართველომ” და “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) შუამავლობით, წინასაარჩევნოდ ხელი მოაწერეს სამპუნქტიან შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს; კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთის კრიტიკისგან; არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას.

თავდაუსხმელობის შეთანხმება თავდაპირველად გრიგოლ ვაშაძემ დაარღვია, როდესაც ყოფილი ხელისუფლების ყველა დანაშაულში “ევროპულ საქართველოს” დასდო ბრალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი