ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები “გათავისუფლების ზღვარზე”

3 სექტემბერი, 2018 • 1596
საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები “გათავისუფლების ზღვარზე”

საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელი შიშობს, რომ შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩნენ. ახალი ხელშეკრულება, რომელიც, ყველაზე ცოტა, 70 ადამიანს შესთავაზეს, მათ არ აძლევს სრული დატვირთვით მუშაობის გაგრძელების გარანტიას. საზმაუს ადმინისტრაციი თქმით, გრაფიკი იმის გამო შეცვალეს, რომ თანამშრომელთა ნაწილი სამსახურში, ფაქტობრივად, არ დადიოდა. როგორც თანამშრომლები ეჭვობენ, მათ ჩანაცვლებას ახალი პერსონალით აპირებენ.

“მოამბის” სტუდიის ოპერატორს, შალვა სამხარაძეს, 30 აგვისტოს სამსახურში თათბირზე უთხრეს, რომ ახალ კონტრაქტს უფორმებდნენ: “გადავდიოდით საჭიროების შემთხვევაში გამოძახებაზე. [კონტრაქტში წერია, რომ] თუ გამოგვიძახებენ, დღიური ანაზღაურება 100 ლარი იქნება”.

იმ ერთგვერდიან კონტრაქტში, რომელზეც სამხარაძე საუბრობს, წერია, რომ “ცალკეული პოზიციებისთვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრება საათობრივი დასაქმების რეჟიმი”. იქ არაფერია ნათქვამი სამუშაო დღეების მინიმალურ რაოდენობაზე, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ასეთ კონტრაქტზე მყოფი თანამშრომლები თვის განმავლობაში საერთოდ არ გამოიძახონ.


საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თანახმად, განთავისუფლების იურიდიული საფუძველი, რაც წერილშია მითითებული, “ბუნდოვანია” და “არ მოიცავს განთავისუფლების კონკრეტულ საფუძველს”.

სწორედ ამ ახლად დაარსებულმა პროფესიულმა კავშირმა განაცხადა პირველად, რომ თანამშრომლები გათავისუფლების საფრთხის წინაშე იდგნენ. მათი თავდაპირველი ინფორმაციით, საქმე 150-მდე თანამშრომელს ეხებოდა. პროფკავშირის შეფასებით, “სრულიად გაუგებარია, რა ნიშნით მოხდა ამ თანამშრომლების შერჩევა”.

ადმინისტრაციის პასუხი

3 სექტემბერს, სანამ მაუწყებლის თანამშრომლები საზმაუს წინ საპროტესტო აქციისთვის შეიკრიბებოდნენ, ტელევიზიის ადმინისტრაციამ საპასუხო განცხადება გაავრცელა. “პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ორგანიზაციიდან არავინ გაუთავისუფლებიათ, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ, დანარჩენებს კი მაუწყებელმა შესთავაზა შრომითი ხელშეკრულების ცვლილება”, – წერია განცხადებაში.

ადმინისტრაციის განმარტებით, საქმე არა 150, არამედ 70-მდე ადამიანს ეხება, ხოლო ცვლილება სამუშაო გრაფიკის მოსაწესრიგებლად გახდა საჭირო. მათი თქმით, ეს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ზოგიერთი თანამშრომელი “ფაქტობრივად არ დადიოდა” სამსახურში, ზოგიერთს კი პირიქით, — “მოთხოვნილ სამუშაო რეჟიმზე მნიშვნელოვნად გადაჭარბებული სამუშაო საათები აქვთ დაგროვებული”.

“შეგვხვდნენ, დაგველაპარაკონ”

ახალ კონტრაქტზე ხელმოსაწერად თანამშრომლებს 4 სექტემბრამდე აქვთ ვადა. თუ ხელს არ მოაწერენ, უსამსახუროდ დარჩებიან. მაუწყებლის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსულები ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციის პასუხმა არ დააკმაყოფილათ.

ნინო ზაუტაშვილმა, მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარემ, ადმინისტრაციას მოუწოდა, 4 სექტემბერს, 12 საათზე შეხვდეს იმ ადამიანებს, ვისაც ცვლილებები ეხება. “ჩვენ გვინდა ყველა შეკითხვაზე პასუხი”, – განაცხადა მან.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე სულხან სალაძემ თანამშრომლებს ურჩია, ხელს ნუ მოაწერენ ხელშეკრულებას იმ ფორმით, რა ფორმითაც შესთავაზეს. “მოითხოვეთ მინიმუმ ამ დოკუმენტის გაუმჯობესება”, – განაცხადა სალაძემ.

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან. თანამშრომლები ითხოვენ გარანტიებს, რომ სამსახურიდან არ გაათავისუფლებენ © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი