რატომ ვერ ვისწავლე – ქალები მთიდან

„განათლება ერთადერთი სტიმულია ქალის ცხოვრებაში. განათლება აძლევს ქალს იმის საშუალებას, რომ უფრო თამამი იყოს. განათლებული ადამიანი უფრო კულტურულია,“ – ასე ფიქრობენ ქალები, რომლებმაც სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული წინაღობების გამო განათლების მიღება ვერ მოახერხეს.

ამ ფოტორეპორტაჟის გმირებიდან რამდენიმემ არათუ საშუალო სკოლა დაამთავრა, არამედ სრული საბაზო განათლებაც ვერ მიიღო. ისინი იმ ეპოქაში დაიბადნენ, როცა საკითხს, მიეღო თუ არა ქალს განათლება, სხვა წყვეტდა. ზოგ შემთხვევაში კი, მათთვის, უბრალოდ, სკოლა არ იყო ხელმისაწვდომი. აჭარის მთაში მცხოვრებ ხანდაზმულ ქალებს თავიანთი ახალგაზრდობის გატარება სწორედ ასეთ დროს მოუწიათ. ბევრი მათგანი დღემდე დარდობს იმას, რომ სრულფასოვანი განათლების მიღება ვერ მოახერხა.

„ბათუმელები“ ქალებს ჩირუხის მთაში, იალაღებზე შეხვდა.

თინა ფუტკარაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინა ფუტკარაძე, 68 წლის:

შუახევში, სოფელ დღვანში გავიზარდე. საშუალო განათლება მივიღე, მინდოდა სწავლა გამეგრძელებინა, მაგრამ მალე გამათხოვეს. არადა, კარგად ვსწავლობდი, სკოლაც წარმატებით დავამთავრე. განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა მიყვარდა. ნახევარი „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად ვიცოდი. საშუალება რომ მოეცათ, ქართულის მასწავლებელი გამოვიდოდი. ვფიქრობდი ჩაბარებას, მაგრამ დედაჩემმა მითხრა – „ქალაქში ვიღაცას გეიცნობ, საცხა გეიპარები და მოგკლავო“. ადგა და  გამათხოვა. ახლა ბევრჯერ ვიტყვი, რომ ჩემი ცოდვა საფლავში წაყვა. რომ არ დაეშალა, ახლა ნასწავლი ვიქნებოდი, კარგი სამსახური მექნებოდა. სულ ოთხებზე და ხუთებზე ვსწავლობდი. ძმა მყავდა პედაგოგი, პატარაობისას, ცუდ ამინდში, ზურგზე მისვამდა და ისე მატარებდა სკოლაში. ძალიან, ძალიან მწყდება გული.

სიყვარულით თუ გავთხოვდი? მე ვინ მკითხავდა? მიყვები – არ მიყვები, გიყვარდა – არ გიყვარდა, არავის აინტერესებდა.  გამირიგეს. არც ჩემს ქმარს არ ჰქონია განათლება.

ყველაზე კარგად იცით რა მახსოვს? სანამ გამათხოვებდნენ ნახევარი წელი ბათუმში ვისწავლე. სამკერვალო ფაბრიკაში იყო ჭრა-კერვის კურსები. მთელი ჩემი ცხოვრება ფიზიკურად ვმუშაობ და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ის ექვსი თვე მქონდა საკუთარი ხელფასი. თან გვასწავლიდნენ, თან გვამუშავებდნენ ფაბრიკაში. პირველი ხელფასი რომ ავიღე, წავედი და „დვოიკა“ – ზედა-ქვედა ვიყიდე. სამყაროში ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა იმ დროს. ბავშვი ვიყავი, როგორ მიხაროდა, ნეტა იცოდე. ჩემი მზითვის ფულიც მე შევაგროვე.

ექვსი თვე ვისწავლე. მეშვიდე თვეს დამნიშნეს და გამათხოვეს. არც მაცადეს სწავლის დამთავრება. შანსი რომ მქონოდა, არ გავთხოვდებოდი, ვისწავლიდი, ცხოვრების ასპარეზზე  გამოვიდოდი, განათლებული, უფრო ჭკვიანი ვიქნებოდი, მაგრამ ცხოვრებამ ასე მოიტანა. როცა გავთხოვდი, ოჯახში დამხვდა მული, რომელიც ვერ დადიოდა. 20-21 წელი ვუვლიდი. მერე ბავშვები გაჩნდნენ. კოლმეურნეობაში დავიწყე მუშაობა. თამბაქოში ვმუშაობდი, მაგრამ ხელფასი არ იყო. ფულს რომ ავიღებდი, ოჯახში ნაწილდებოდა. თუ მჭირდებოდა, ქმარი კი მაძლევდა, მაგრამ შენი ნაშოვნი ხელფასი მაინც სხვაა. ნამდვილად შენი რომაა.

თინა ფუტკარაძე  ჩირუხში, საზაფხულო იალაღებზე.  ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

6 შვილი მყავს. ერთი ბიჭი გემზე მუშაობს, კაპიტანია. ოთხი გოგოდან არც ერთს არ უსწავლია. ორი ისეთ ასაკში მომტაცეს, სკოლის დამთავრებაც ვერ მოასწრეს. ორმა როგორც კი დაამთავრა, ადგნენ და გათხოვდნენ. არადა, მინდოდა ოთხივეს ესწავლა. სამაგიეროდ შვილიშვილები სწავლობენ.

ერთი შვილიშვილი 23 წლისაა, უნივერსიტეტი დაამთავრა. ეუბნებიან გათხოვდი, გათხოვდიო. ის ამბობს, რატომ უნდა გავთხოვდე? რამეს ვაშავებ? ცხოვრება მინდა მოვიწყოო. ყველანაირად მხარს ვუჭერ და ვარიგებ, რომ ჯერ არ გათხოვდეს. ოჯახი ძალიან რთულია. რომ გათხოვდები, მერე შენ ჭკუაზე ვერ ივლი. ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ არ იჩქარონ, არ დაქორწინდნენ. ჯერ თავიანთი ცხოვრების გზა მოიწყონ და მერე გადადგან ეს ნაბიჯი.

ნადია ებრალიძე,     ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ნადია ებრალიძე, 85 წლის: 

რვა კლასის განათლება მაქვს. ისეთ გაჭირვებულ პერიოდში მომიწია ცხოვრებამ, წიგნი არა, პასტა არა, ფანქარი არა… ჩემს დროს მელანიც კი არ იყო, რომ დაგვეწერა. ბუხარში ჭვარტლს ჩამოვფხეკდით, იმას გავუსვამდით კალამზე და ვწერდით ასე. რვა კლასი როგორღაც დავამთავრე და მერე სწავლის გაგრძელებაზე აღარც მიფიქრია. მაშინ მარტო ქალაქში ვინც ცხოვრობდა ის თუ ისწავლიდა. 25 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. შვილები დავზარდე. მინდოდა ჩემს გოგოებს ესწავლათ, მაგრამ ვერც მათ ვერ ისწავლეს. შვილიშვილების იმედი მაქვს, ისინი ისწავლიან.

აიშე დუმბაძე

აიშე დუმბაძე, 80 წლის:

80 წლის ვარ, უკვე მივდივარ…. მე ობოლი ვიყავი. მესამე კლასამდე როგორღაც შევძელი სწავლა, მერე ვეღარ ვიარე, შორს იყო სკოლა. მაგრამ ჩემი ეშმაკობით წერა-კითხვა მაინც არ მეშლება. იმდენი ვიცი, რომ ხელს მოვაწერ. ეგ კი არა პატარ-პატარა წერილებს ვწერდი, ბაღნები რომ ჯარში მყავდა. ობოლი არ ვყოფილიყავი, ეგება მეც რაღაცა გავმხდარიყავი, მთლად ცარიელი არ დავრჩებოდი. ექიმობა მინდოდა. ჩემს წრეში ყველა ექიმები და დოქტორები არიან.

14 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ხუთი შვილი მყავს. ერთი გოგო და ოთხი ბიჭი. ერთმა ეკონომისტობა დაამთავრა. დანარჩენები საშუალო განათლებით არიან. გოგომ ისწავლა ჭრა-კერვა.

რას შეცვლიდა განათლება ჩემს ცხოვრებაში? – უკეთესი ცხოვრება მექნებოდა, დაფასებული ქალი ვიქნებოდი. ღმერთს დიდი მადლობა, რომ მაინც კარგი ცხოვრება მაქვს, მაგრამ განათლება მაინც სხვაა. ყველა შვილი კარგადაა, ყველას თავისი სახლი და კარგი ცხოვრება აქვს. ამ მხრივ რამეზე გული არ მტკივა.

აიშე ბერიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

აიშე ბერიძე, 78 წლის:

არ იყო ჩემ დროს სწავლა. კი მინდოდა მესწავლა, მაგრამ ვერ ვისწავლე. გავთხოვდი და მერე სწავლის დრო აღარ მქონდა. 6 შვილი გავაჩინე და იმათ მოვლა ჭირდებოდა. ძალიან მინდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ექიმობა კარგი პროფესიაა, ხალხს ეხმარები. არ გამოვიდა.

17 წლის სიყვარულით გავთხოვდი და სიყვარულით შევაბერდი ჩემს ქმარს. შეხმატკბილებულები ვართ. ყოველთვის ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ. ყველა კარგი ხალხი მყავს – შვილები, რძლები, მეზობლები. უკმაყოფილო არ ვარ ჩემი ცხოვრებით.

ეთერ ფუტკარაძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ეთერ ფუტკარაძე, 60 წლის:

ვცხოვრობ დარჩიძეებში, მთისუბანს ეძახიან სოფელს. ზაფხულში სამი თვე საზაფხულო იაილებზე ამოვდივართ და აქ ვცხოვრობთ. ვაგროვებთ ყველს, კარაქს, კაიმაღს, მიგვაქვს ბარში და ზამთარში ვიყენებთ.

მთაში მცხოვრები ქალის ცხოვრება რთულია. ავად ხარ, კარგად ხარ, შეგიძლია – არ შეგიძლია ამას მნიშვნელობა არ აქვს. უნდა ადგე და იმუშაო. სკოლა როგორც კი დავამთავრე, მაშინვე გავთხოვდი. სკოლის მერე არსად მისწავლია. მე რომ სკოლა დავამთავრე, მაშინ გოგოები არ სწავლობდნენ, თორემ ძალიან კარგად შემეძლო სწავლა. მათემატიკაში ძალიან ძლიერი ვიყავი. ჩემმა შვილმა  სკოლა ისე დაამთავრა, მათემატიკაში სულ მე ვეხმარებოდი.

რატომ ვერ ვისწავლე? მაშინდელი ცხოვრება ძალიან რთული იყო. პირველი გოგო ვიყავი ოჯახში. შვიდი შვილი ჰყავდა დედაჩემს – ჩემი და-ძმები მე გავზარდე. შრომაში გადიოდა დრო და ამ დროში გამომეცალა ჩემი სწავლის პერიოდი. ახლა ისეთები ამთავრებენ უნივერსიტეტს, მიკვირს და თან გულიც მწყდება. მათზე მეტი მესმოდა, ვიცოდი და ვერ ვისწავლე.

ჩემმა შვილმა სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან გაჭირვებული პერიოდი იყო, მაგრამ შეუძლებელი შევძელი და მაინც ვასწავლე. ჩემ შვილს არ უგრძვნია, რომ რაღაც არ გვქონდა. მე რაც დამაკლდა განათლების მხრივ, ჩემი შვილისთვის არ დამიკლია.

ახალგაზრდა გოგოებში რასაც ვუყურებ, ის ტენდენციაა, რომ ყველა იბრძვის სწავლისთვის. ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტუდენტები გახდნენ და ისწავლონ, რადგან განათლების გარეშე არაფერი არაა.

მთა ჩირუხი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

გუგული სურმანიძე ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

გუგული სურმანიძე, 81 წლის:

სამი კლასის განათლება მაქვს. მერე აღარ მივლია სკოლაში. ფერმაში ვმუშაობდი. ძროხებს ვუვლიდი. ახლაც ძროხებს ვუვლი, ესაა ჩემი შემოსავალი. სოფელში თუკი რამე საქმე იყო ყველაფერს ვაკეთებდი, კოლექტივში ვმუშაობდი, კარტოფილი და თამბაქო მომყავდა.

ხელფასი? ჩემი ქმარი ფოსტალიონი იყო და გაზეთს ზიდავდა. ეგ იყო ჩემი ხელფასი. საკუთარი ფული? საკუთარი ფული საიდან უნდა მქონოდა, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და პენსია არ მქონდა. ახლა პენსია მაქვს. პირველად რომ პენსია ავიღე, ეგ იყო ჩემი საკუთარი ფული. ყველს, თამბაქოს და კარტოფილს კი ვყიდდით, მაგრამ ეგ ფული ოჯახში ნაწილდებოდა. 4 შვილი მყავს. შვილებისთვის არ მისწავლებია, მაგრამ შვილიშვილებს აუცილებლად ვასწავლი.

მანანა ფუტკარაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

მანანა ფუტკარაძე, 57 წლის:

სოფელ ტომაშეთში ვცხოვრობ. 47 წლის ვიყავი, ქმარი რომ გარდამეცვალა. 10 წელია ქვრივი ვარ. ბიჭები დაქორწინებული მყავს, გოგოც გათხოვილია.

საშუალო სკოლა დავამთავრე და მერე გავთხოვდი. არც ისე უსწავლელი ვიყავი, მაგრამ მაშინ ქალები მაინცდამაინც არ სწავლობდნენ. ოთხები და ხუთები მყავდა. შესაძლებლობა არ იყო, თორემ მეც მივიღებდი განათლებას. მართლა მინდოდა სწავლა – ვამბობდი საექთნოზე უნდა ვისწავლო-მეთქი, მაგრამ ვერ ვისწავლე. საშუალება არ იყო, ვერ გამიშვეს მშობლებმა.

ვერც ჩემს გოგოს ვასწავლე, მაგრამ ის არც სწავლობდა. მწყდება გული. განათლებული რომ ვყოფილიყავ, საქონლის მოვლა აღარ მომიწევდა.

რთულია  ნასწავლი რომ არ ხარ, იძულებული ხარ ფიზიკურად იმუშაო. ძროხების მოვლა ადვილი არაა. მუდმივად ბოსელში უნდა იყო. ახლა ხუთ ძროხას ვწველი. ასეა, ცხოვრება რასაც მოითხოვს, ის უნდა გააკეთო.

თინა ქარცივაძე. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

თინა ქარცივაძე, 82 წლის:

რვა კლასის განათლება მაქვს. ოლადაურის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, შუახევში. მერვე კლასში ვიყავი, როცა გადასახლებაში მოვყევით. 1951 წელს გადაგვასახლეს ყაზახეთში და 1953 წელს დავბრუნდით. ისეთი მდგომარეობა გვქონდა, ვის ეცალა ჩემი სწავლისთვის. მთავარი იყო გადარჩენილიყავი. ჩემი მშობლები ძველი ყაიდის ხალხი იყო, სწავლა არ უნდოდათ. დიდად არც უნაღვლიათ, რომ განათლების გარეშე დავრჩი.

საქართველოში რომ დავბრუნდით, მერე გამათხოვეს. მაშინ შეყვარება სად იყო. ვინმეს გაგირიგებდნენ, გინდოდა – არ გინდოდა, მამა გაგათხოვებდა. ასეთი იყო წესი. კაი ოჯახი შემხვდა. გული არც ისე დამწყვეტია. რთულია ცხოვრება, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. შვილიშვილები და შვილთაშვილები მყავს. შვილებმა არ ისწავლეს, მაგრამ შვილიშვილმა გოგომ უმაღლესი დაამთავრა. ბიჭებმა – მუსიკალური და მუსიკოსები არიან.

პ.ს. ფოტორეპორტაჟი მომზადებულია შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე მთა ჩირუხში, საზაფხულო იაილაღებზე.  ყოველ  წელს, მაისის ბოლოს,  მოსახლეობას სხვადასხვა სოფლიდან საქონელი  მთაში მიჰყავს და იქ მთელ ზაფხულს ატარებს. მათ მემთეურებსაც უწოდებენ.  სამუშაოების მთელი სიმძიმე ქალებზე გადადის. ქალები უვლიან ძროხებს, ამზადებენ ყველს, კარაქს, კაიმაღს და შემდგომ ქალაქში ყიდიან და ზამთარში ოჯახში მოიხმარენ. 

მთა ჩირუხი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი