ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზ ექიმებს ქალთა მიმართ ძალადობის ამოცნობას ასწავლიან

3 სექტემბერი, 2018 • 2494
აფხაზ ექიმებს ქალთა მიმართ ძალადობის ამოცნობას ასწავლიან

“ერთხელ ძალადობის მსხვერპლ ქალს, რომელსაც ქმარმა სცემა, ექიმთან გავყევი. ასეთი უხეში და უპასუხისმგებლო მიღება სხვაგან არ შემხვედრია. ამ შემთხვევის შემდეგ ექიმებისთვის ტრენინგის ორგანიზება გადავწყვიტეთ. ხშირად ასეთი გულგრილი მოპყრობის გამო ქალები დახმარებისთვის აღარ მიმართავენ ექიმებს”.

ტრენინგი სოხუმში მომუშავე ექიმებისთვის თემაზე “ოჯახში ძალადობა და სამედიცინო პრაქტიკის ასპექტები” აფხაზეთის ქალთა ასოციაციამ ჩაატარა.

შეხვედრაზე სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგმა, ვიქტორია ვორობიოვამ კოლეგებს განუმარტა, რა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში უნდა გაამახვილონ ყურადღება პაციენტზე ძალადობის აღსაკვეთად, როგორ მოიქცნენ, როდესაც ქალი ძალადობის მსხვერპლია, როგორ დააფიქსირონ ძალადობის ფაქტი სამედიცინო დოკუმენტაციაში ისე, რომ ეს სამართლებრივი საფუძველი გახდეს, თუკი საქმეზე გამოიძიება დაიწყება.

სპეციალისტის თქმით, ექიმები ხშირად იღებენ პაციენტ ქალებს იარებით, მოტეხილობებით ანდა სხვა ჩივილებით და არ ინტერესდებიან ამ ტრავმების წარმომავლობით, უყურადღებო არიან იმ პაციენტების მიმართ, რომელთაც ფიზიკური ან ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ.

შეხვედრის დროს თავად ექიმებიც ჰყვებოდნენ ისტორიებს, როდესაც მათთან ნაცემი ქალები მიდიოდნენ აშკარა ცემის კვალით, თუმცა კითხვაზე, რა დაემართათ, ამბობდნენ, რომ “ფეხი წამოკრეს და დაეცნენ”.

“ასეთი პაციენტები ექიმებთან ხშირად ნათესავებთან ერთად მოდიან, რომლებიც ექიმების მიმართ საკმაოდ აგრესიული არიან. ისინი კარნახობენ, როგორ უნდა უმკურნალონ პაციენტს, რომელი კითხვების დასმა შეიძლება და რომლის არა. შეიძლება ითქვას, თავის მხრივ, ექიმებიც ძალადობის წინაშე არიან”, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს მეან -გინეკოლოგი.

“ოჯახში ძალადობა მხოლოდ ცემა არ არის”- , ამბობს ექსპერტი ვიქტორია ვორობიოვა.

ექიმის თქმით,  ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალები კაცების ზეწოლით სელექციური აბორტის გასაკეთებლად მიდიან მათთან.

“ექიმები ხშირად არ ეუბნებიან ბავშვის სქესს, როდესაც ვიცით, რომ ნაყოფი მდედრობითი სქესისაა”.

ქალების მიმართ ძალადობის შესახებ საუბრის დროს ექიმები ადრეული ქორწინების საკითხსაც შეეხნენ.

როგორც აღმოჩნდა, 2017- 18 წლებში აფაზეთში 17 წლამდე ასაკის 12-მა გოგონამ იმშობიარა, მათ შორის სამი 15 წლის იყო.

ქალების მიმართ ძალადობის შესახებ საუბრისას აფხაზი ექიმები სექს-მუშაკების მიმართ ძალადობასაც ასახელებენ.

“ერთხელ, როგორც ექიმს, სოხუმში ისეთ ადგილზე მქონდა გამოძახება, სადაც სექს-მუშაკი სცემეს. რა თქმა უნდა, მომხდარის შესახებ პოლიციას შევატყობინე, თუმცა მერე რა მოხდა, აღარ ვიცი”.

კიდევ ერთი პრობლემა იმ კრიზისული ცენტრის არარსებობაა, სადაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს პირველადი დახმარება უნდა გაუწიონ.

მაგრამ სანამ სახელმწიფო არ აღიარებს, რომ აფხაზეთში ოჯახში ძალადობა არსებობს და შესაბამის კანონს არ მიიღებს, ასეთი ცენტრის შექმნა შეუძლებელი იქნება.

“თუკი საზოგადოებრივი ჩარევით ასეთი ცენტრი აშენდება, ის მუშაობას მაინც ვერ შეძლებს. ქმარს ან მშობელს შეუძლია იჩივლოს ადამიანის გატაცების ბრალდებით”, – ამბობს ვორობიოვა.

აფხაზეთში ასევე არ არსებობს არცერთი კანონი, რომელიც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს დაიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი